ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად საკმარისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.
„ეს პრეპარატი არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს, მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონოდა საკმარისი საფუძველი ამ პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს ვერ მივიღეთ როგორც სანდო პრეპარატი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“მზრუნველობით რომ გვამცნეს, ისრაელის გამოგონებულ ექსპერიმენტულ პრეპარატს არ გაგაკარებთ ჩვენოშეყვარებულო ხალხოო, განა გული არ გამითბა, მაგრამ სასიკვდილოდ გადადებული რომ ვიყო, ნებისმიერ წამალს გამოვცდიდი უყოყმანოდ და თუ ვერ გადავრჩებოდი, მეცნიერებას მაინც დავეხმარებოდი მორიგი დასკვნის გაკეთებაში, რომ სხვა მაინც გადარჩენილიყო “ჩემ გაკვალულ გზაზე”. თუ შემატყოთ ვკვდები, რაც გინდათ სცადეთ, იმეცადინეთ, ოღონდ რამე იპოვეთ მათთვის, ვისაც სიყვარულს ვეფიცებით, მაგრამ ჭარბი სიყვარულისგან ალბათ, ეს დაავადებული პლანეტა დავახვედრეთ,” – წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ისრაელი დაინტერესებული იყო პრეპარატ EXO-CD24-ის საქართველოში გამოცდით. თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი COVID-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, ნადირ არბერი, 20 მაისს თბილისში იმყოფებოდა და ქართველ კოლეგებსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა.