ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბოლომდე გამოვიდა კომიდან.
ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.
“ალექსი ბოლომდე გამოვიდა კომიდან. დღეს გადაჰყავთ ინტენსიურში. ფრაგმენტული მეხსიერების პრობლემები აქვს, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ დრო და რეაბილიტაცია სჭირდება” – წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.