ჟურნალისტი ეკატერინე მიშველაძე სახლის გაძარცვის ფაქტთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს:
“ძალიან მძიმე და სტრესული დღე დასრულდა… ვისაც მსგავსი გამოუცდია, უფრო გამიგებს რა საშინელი გრნობაა, შენს ციხე-სიმაგრეში უცხო პირების ნაფათურებს რომ აღმოაჩენ. და კიდევ უფრო დიდი საშინელებაა, როცა ეს შენს შვილს ეხება! სადაც ჩემი შვილი, თავისი პატარა ოჯახით ცხოვრობს იმ სახლში ყველაფერი თავდაყირა დააყენეს… სადაც ჩემს ერთი თვის შვილიშვილს სძინავს აი, იქ ( საბედნიეროდ არ არიან თბილისში)… სადაც ყველაზე უსაფრთხო გარემოა მათთვის, ჩვენი ოჯახისთვის, ვიღაც ვიგინდარა ან -ები შემოიძურწნენ… დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეჭვი და ვარაუდი ბევრი მაქვს თავში… უამრავი კითხვა, უამრავი საეჭვო გარემოება…
სახლში ბევრი არაფერი გვაქვს ძვირფასი, მაგრამ რაც გვაქვს ჩვენთვის ყველაფერი ფასეულია. ამ ეტაპისთვის ორ ლეპტოპს ვერ ვპოულობთ, ჩემი შვილების ლეპტოპებს. ალბათ ჩემი ეგონათ? არ იციან რომ იქ არ ვცხოვრობ? თუ იციან და სწორედ იქ მივიდნენ, სადაც ყველაზე მეტად მატკენდნენ? სპეციალურად ჩემს შვილს – ჩემთვის ყველაზე ძვირფასს შეეხნენ?! დაშინებაა? თუ ქურდს დაეზარა სხვა რამის წაღება? რამე ხომ არ დააყენეს? ბევრი აზრი, ეჭვი, კითხვა, ვერსია… რატომ ახლა? რატომ იქ? რატომ ასე?… და რას იტყვის გამოძიება? ან როდის იტყვის რამეს? ან იტყვის კი საერთოდ? ერთი რამ ზუსტად შემიძლია გითხრათ: არ მეშინია! დანარჩენს ხვალ, გადაცემაში დაელოდეთ… მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის. ძალიან მაძლიერებთ,” – წერს მიშველაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკატერინე მიშველაძის სახლის გაძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე სს კოდექსის 177-ე მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.
ჟურნალისტმა 15 აგვისტოს “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ მისი სახლი გაქურდეს.
“ეს რა ქვეყანაა! ეს სად ვცხოვრობთ?! სახლი გამიქურდეს! ამ წამს მოვედი და ღია დამხვდა! მთელი სახლი თავდაყირა! ეს რა მიზნით მოხდა, მაგასაც გავიგებ, იმედია და ვაი, თქვენი ბრალი!”- დაწერა მიშველაძემ.