ყველასთვის საყვარელი მსახიობი თამუნა ნიკოლაძე ამბობს, რომ განსაკუთრებული მახსოვრობის უნარი აქვს და წლების წინ მომხდარი მოვლენების, მათ შორის მცირე დეტალების გახსენებაც კიუ შეუძლია.
– გათამამებული მსახიობი ვარ და ბევრი ნათელი მოგონება მაქვს. უცნაურად დაიწყო ჩემი ცხოვრება, ბაღში მომაკითხეს და მარჯანიშვილის თეატრში წამიყვანეს, სადაც მედეა კუჭუხიძე დგამდა სპექტაკლს “შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”. სკოლა რომ დავამთავრე, ყველაზე დიდი ოცნება ავიხდინე – 16 წლის გოგო თეატრალურის სტუდენტი გავხდი. ოჯახში დიდად არ უნდოდათ ჩემი მსახიობობა, თუმცა პირველსავე წელს გავხდი სტუდენტი და სწავლა რომ დავასრულე, მას შემდეგ ჩემი თავი შეუმდგარი და სამსახურის ძიებაში, არ მახსოვს. სამეფო უბნის თეატრში 5 წელი ვიყავი შტატში და როცა ქალბატონმა მედეა ჩახავამ დატოვა აქაური საქართველო, მაშინ დასრულდა სპექტაკლი “აქ ამ სავანეში”, რომელიც მის გარეშე აღარ გავაგრძელეთ. ოქროს ხანა იყო, როცა პარალელურ რეჟიმში მიწევდა რუსთაველისა და სამეფო უბნის თეატრებში რეპეტიციები ბატონებთან – რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძესთან. 17 წელია, თავისუფალი თეატრის მსახიობი ვარ და ამ ხნის განმავლობაში, თავისუფალ თეატრში ძალიან ბევრ სპექტაკლში, ყველანაირი ჟანრის როლი მაქვს შესრულებული. ეს ძალიან დიდი გამართლება და ღვთის საჩუქარია.
– ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება რა მიგიღიათ ცხოვრებაში? რას გაიხენებთ?
– ისევე, როგორც ალბათ ყველას, მეც მქონდა ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი. “შუა ქალაქი” ზენიტში რომ იყო და ხალხი ძალიან ხალისობდა, ანუ მაშინ, როცა მე მთელ საქართველოს ვაცინებდი, ცხოვრებაში ყველაზე მძიმე წლები მქონდა. ადამიანურად და სულიერად დიდ განცდებში ვიყავი. ამ გადმოსახედიდან უკვე მეღიმება და ვიცი, არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინ, მას შემდეგ ათი წელი გავიდა.
– და ეს უკავშირდებოდა თქვენს პირადს…
– დიახ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეკრანზე არაფერს შევიმჩნევდი. ჩემთვის გასახსენებლად ტკივილიანი შთაბეჭდილებაა ეს ყველაფერი.
– ვისზე შეგიძლიათ თქვათ, რომ მან თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა? – პირდაპირ გეტყვით, ეს არის მამაჩემი.ვგიჟდები და მაფანატებს მშობლებზე, ისინი ჩემთვის დიდი სიძლიერე და კედელია. ახლა მარტო ვცხოვრობ, თითქმის 1 წელია. ეს ჩემი სურვილი იყო.დავბრუნდი ჩემს 23-ე სკოლასთან ახლოს, მარჯანიშვილის ქუჩაზე, სადაც დავიბადე და გავიზარდე. თავისუფალ დროს როგორც კი გამოვნახავ, გავრბივარ მშობლებთან, დასთან და დისშვილთან… არიან მსახიობები, რეჟისორები, რომლებიც ძალიან მიყვარს. ბევრმა სხვა ადამიანმაც მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება, მაგრამ ჩემთვის საოცარი მეგობრები, გამტანები და შეიძლება ითქვას ხერხემალი – ჩემი მშობლები არიან.
