საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2” გადაცემაში “დღის კურიერი” განმარტა, თუ რატომ ეწინააღმდეგება საველე ჰოსპიტალებს. მინისტრის თქმით, კარვებში მოწყობილი საავადმყოფო, მოსახლეობის ფიქო-ემოციურ მდგომარეობასთან ერთად, მკურნალობის ხარისხზეც იმოქმედებს.
მისივე განმარტებით, თუ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალის მოწყობის აუცილებლობა დადგა, ის ისეთ ლოკაციაზე განთავსდება, რომელსაც მინიმალური და ფსიქო-ემოციური ზეწოლა ექნება მოსახლეობაზე.
“წინა ტალღების პერიოდში, მე ვიღებდი მტკიცე გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ უნდა გაგვეხსნა საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან ეს მოქმედებს როგორც მკურნალობის ხარისხზე, ასევე მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი გუნდიც იზიარებს ამ მოსაზრებას. შედარებით მკაცრი განცხადებები, რომელიც ისმის ბოლო პერიოდში ჯნდაცვის სამინისტროდან, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ საველე ჰოსპიტლების გახსნა,”- განაცხადა “დღის კურიერში” ეკატერინე ტიკარაძემ.
ძალიან არასასიამოვნო იქნება კარვებში ამ ყველაფრის ნახვა და ღია სივრცეებში, შესაბამისად მაქსიმალურად ვეცდებით შერჩეული იყოს ისეთი სივრცე, სადაც მინიმალური და ფსიქო-ემოციური ზეწოლა მოსახლეობაზე და მაქსიმალური კომფორტი იქნება შექმნილი, როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. ამ ეტაპზე ზუსტი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს სხვადასხვა სივრცის შერჩევა,” – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ფრანგული ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
“100%-ით ვეთანხმები ქალბატონ მინისტრს.
უნდა მოხდეს არსებული სამედიცინო დაწესებულებების რესურსების მობილიზება
ჯობს, დროებით (2 თვით) გამოცხადდეს სამედიცინო დაწესებულებების ნაციონალიზაცია საქართველოში, რათა ყველა არსებული სამედიცინო საწოლი და სამედიცინო პერსონალი იქნას მობილიზებული ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ და ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვის ვადით,” – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.