რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ამ დროისთვის უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე.
როგორც ნაძვის ხის შენახვასა და მის აწყობაზე პასუხისმგებელი უწყების, თბილსერვის ჯგუფის პრეს-სამსახურში უთხრეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამ დროისთვის უცნობია, სად და როდის აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
“კი, როგორც წესი, ნაძვის ხის ასაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები დეკემბრის დასაწყისში იწყება, თუმცა მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, სად და როდის მოხდება ეს, ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს”. -განაცხადა თბილსერვის ჯგუფის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
თბილსერვის ჯგუფის დირექტორის, გიორგი პაპავას თქმით, საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაგეგმილია, თუმცა კონკრეტული თარიღი “თბილისის მერის გადასაწყვეტია”.
“ნაძვის ხე შეძენილია და გვაქვს – მოხდება მისი მორთვა და განახლება, ახალი სათამაშოებისა და ახალი განათებების მონტაჟი მასზე.
ასევე, მის წინ განთავსდება სცენა, რომელზეც იქნება ღონისძიება ჩატარებული.
საახალწლო ნაძვის ხის ანთება და აწყობა დაგეგმილი გვაქვს, თუმცა, კონკრეტულად რომელ თარიღში განხორციელდება მისი ანთება, ეს უკვე მერის გადასაწყვეტია და ამ ეტაპზე, ზუსტდება კონკრეტული თარიღი – ლოკაცია პარლამენტის წინ არის, უცვლელად.
გამომდინარე იქიდან, რომ დანიშნული არ არის, როდის უნდა აინთოს, გადადებაც ავტომატურად არ გამოდის”. – თქვა პაპავამ.
