წუხელ, 3 დეკემბერს, სენაკში, ნაროუშვილის ქუჩაზე უმძიმესი დანაშაული მოხდა – ოჯახურ ძალადობას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა.
49 წლის გოჩა ბარამიამ ეჭვიანობის ნიადაგზე გულმკერდის არეში დანით ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, 46 წლის ქეთინო ძაძუას, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა გოჩა ბარამია განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.
ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
“წუხელ მოხდა მკვლელობა, შვილები ჰყავთ, ისინი იყვნენ თუ არა სახლში დანაშაულისას, არ ვიცი. ეჭვიანობა სახელდება მიზეზად, სხვა მეტი არაფერი ვიცი”, – ამბობს ადგილობრივი ჩვენთან საუბარში.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
2024 წლის პირველ რვა თვეში, საქართველოში რვა ქალი მოკლეს. 2024 წლის პირველ ექვს თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 4500-მდე შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ოჯახში ძალადობის 5472 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის ფიზიკური ძალადობის 1243 და ფსიქოლოგიური ძალადობის 4081 შემთხვევა.