თბილისის დიდი კლუბები (BASSIANI, KHIDI, LEFT BANK, MTKVARZE, TBILI ORGIA, TES) აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად კლუბები დღეს დაგეგმილ წვეულებებს აუქმებენ.
განცხადებაში ვკითხულობთ,რომ ქართველი ხალხის ნებაა ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, რომელიც „საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ“ უარყო. პროტესტის ნიშნად კლუბები დღეს დაგეგმილ წვეულებებს აუქმებენ.
„თბილისის საკლუბო სცენა არასდროს დამორჩილებია და არც ახლა აპირებს დაემორჩილოს არალეგიტიმური ხელისუფლების მანკიერ მცდელობებს, გაანადგუროს ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარი…
მიმდინარე ბრძოლაში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და მონაწილეობა გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, თბილისის საკლუბო სცენა ერთსულოვნად შეთანხმდა, გაუქმდეს დღეს დაგეგმილი საკლუბო ღამეები, საცეკვაო მოედანზე დაგროვებულმა ენერგიამ კი ქუჩებში გადაინაცვლოს“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.
კლუბები: BASSIANI, KHIDI, LEFT BANK-ი, MTKVARZE, TBILI ORGIA და TES-ი აცხადებენ, რომ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ამ პროცესში ყველა ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანია:
„სოლიდარობას ვუცხადებთ სისტემის ყველა მსხვერპლს და მძევალს, ყველა შეუპოვარ და დაუმორჩილებელ ხმას და მოვითხოვთ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, უპირობოდ შეუერთდეს დაუმორჩილებლობის საყოველთაო დემონსტრაციებს საქართველოს ყველა ქალაქში“.