2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ისტორიის საგამოცდო პროგრამებიდან რამდენიმე ავტორი და ნაწარმოები ამოიღეს.
ცვლილებას კრიტიკა და აჟიოტაჟი მოჰყვა, როგორც პედაგოგების ისე დარგის სფეცილისტების მხრიდან.
განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ცვლილებას აბსურდულს უწოდებს.მისთვის ამოუცნობია ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების შემცირებაც.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის თქმით, გამოცდებზე მოხვდება მხოლოდ ის ნაწარმოები, რომელიც სასწავლო პროგრამებში სავალდებულოა. ამასთან, მინისტრობის კანდიდატს აქვს ინიციატივა, რომ ქართული ლიტერატურის საგამოცდო მასალებიდან ამოღებული ნაწარმოებები ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით სავალდებულო გახდეს.
მანანა ნიკოლაიშვილი პრობლემის მთავარ წერტილს სწორედ ამ ნაწილში ხედავს, მისი თქმით, განათლების სამინისტროს განცხადება არარელევანტურია, რადგან, როდესაც ამა თუ იმ კონკრეტული ნაწარმოების ცოდნა არაა სავალდებულო გამოცდის ჩასაბარებლად, მოსწავლე მას სკოლაში არ ისწავლის, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, რაც დღეს სკოლებშია.
რაც შეეხება ინფორმაციას ისტორიის საგამოცდო პროგრამიდან საკითხების ამოღების შესახებ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატი შეფასებებს ტყუილის ტირაჟირებას უწოდებს და ამბობს, რომ პროგრამიდან არათუ რომელიმე საკითხი ამოიღეს, არამედ პირიქით – მიმართულება გააძლიერეს.