შობის მარხვა დაიწყო. მორწმუნე მართლმადიდებლები უკვე ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მიღებაზე უარს ამბობენ. მეტად მობილიზებულნი არიან მოყვასის დასახმარებლად, სხვადასხვა კეთილი საქმეების საკეთებლად, თუნდაც სიტყვიერად, გამხნევებით, რადგან უფალი ჩვენს კეთილ ნებასაც და სურვილსაც კი შეიწირავს… მარხულს არამარხულისგან თავისი თავმდაბლობითა და სინანულის განცდით გამოვარჩევთ…
მარხვა წმენდს მორწმუნეს როგორც სულიერად, ასევე ხორციელად. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს სხეულს ცხოველური ცხიმებისგან გაწმენდა ესაჭიროება.
მეტად ვილოცოთ, მოყვასნო…
ხშირად შეგვიძლია ამ დიდი ენერგიის მატარებელი ძველი ლოცვის თქმა – “უფალო იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.” დღეში ასჯერ თქმით ვიწმინდებით, უფალს ვუერთდებით და ვერაფერი გვერევა. ვამბობთ ნებისმიერ ადგილას და დროს.
***
საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმინდოთ, რათა წმინდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას; გარდა ჩვეულებრივი ძღვენისა და მსხვერპლისა, მას ჩვენი წმინდა გული მივუძღვნათ…
მარხვა საშუალებაა, რომელიც აღადგენს ადამიანის ჭეშმარიტ სულიერ ბუნებას. ეშმაკმა მოახერხა დავერწმუნებინეთ, რომ ჩვენ მხოლოდ ხორციელი საზრდელი გვჭირდება. მარხვა ამხელს ამ ტყუილს. ორმოცდღიანი მარხვის დასრულების შემდეგ მაცხოვარმა გაგვაფრთხილა: “ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა” (მარკ. 9:29). მარხვა ნამდვილი ომია ეშმაკის წინააღმდეგ.
მარხვა სინანულის, თავშეკავების და სულიერი ზრდის საშუალებაა.
***
შობის მარხვაში თევზის მიღება შეგიძლიათ (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა) 25 დეკემბრამდე; შემდეგ კი, პატრიარქის კურთხევით, 1 და 2 იანვარს.