პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე გაკეთებულ განცხადებას ექსპერტი გია ხუხაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე ეხმაურება:
“დღეს სალომე ზურაბიშვილმა ჩემს თვალში მიიღო საპრეზიდენტო ლეგიტიმაცია,” – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს, შეთანხმებამ დიდი როლი ითამაშა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში და იგი არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, რომ დოკუმენტმა პოლარიაზაცია ვერ შეამცირა.
„დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა, ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელი ხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არ არის და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს“, – განაცხადა ზურაბიშვილი.
ამასთან, პრეზიდენტმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის შეთანხებაც შესრულდება.
„გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ. ქმნიან მოდელს ან მოდელის საწყისს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა მისი პირველადი დანიშნულება შეასრულა. კრიზისი დაასრულა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში. მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი. იმედი მაქვს, ბარიერის დაწევის შეთანხებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა. ამ დოკუმენტი შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.