საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთი ანგარიში 81:64 დაამარცხა. საუკეთესო მოთამაშედ კი კაპიტანი თორნიკე შენგელია 25 ქულით დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაცი ეტაპის მორიგი საშინაო თამაში ფინეთის წინააღმდეგ, დღეს, 24 ნოემბერს “თბილისი არენაზე” გამართა.
ტაბლოზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო მატჩი 48 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. საქართველოს ნაკრებმა ისევე როგორც ესპოოში ჩატარებული შეხვედრა, თამაში მძიმედ დაიწყო, სტუმრები 9 ქულით დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედი კი 21:17 მოგვიგეს. შენგელიასთან ერთად ჩინებულად ირჯებოდა ბოლდუინი, აგრეთვე სანაძე, რომელთა ძალისხმევით დავწინაურდით კიდეც, თუმცა პირველი ტაიმი 38:40 წავაგეთ.
დიდი შესვენების შემდეგ ქართველი კალათბურთელები დაცვაშიც უკეთ თამაშობდნენ, შეტევაშიც, არც მეტოქე გვიდებდა ტოლს, ფარს კვლავ გვიგედბდნენ, თამაში ქულა ქულაში წავიდა. ანდრონიკაშვილმა ზედიზედ ორჯერ ჩაჭრა ბურთი და 5 ქულით გავედით წინ, ხოლო დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე 55:53 დაფიქსირდა. მეოთხე მეოთხედში უკვე საქართველოს ნაკრები დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენი გუნდიდან 25 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, ბოდუინმა 22 ქულა ჩააგდო (8 მოხსნა, 5 პასი), 12 სანაძემ, 9 ბურჯანაძემ, 6 ანდრონიკაშვილმა, 5 შერმადინმა, 2 კი ფევაძემ.