საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედია დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ტელევიზიების უმეტესობა “ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას აღვივებს.”
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სატელევიზიო არხების და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, დღის წესრიგი არ გააჩნიათ.
“ახლა მოდით, ერთი წამით დავფიქრდეთ, თუ რას ხედავს აფხაზი, ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და უყურებს ქართულ არხებს, სატელევიზიო გადაცემებს. ყოველდღიურ რეჟიმში ხედავენ, უსმენენ – ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას პირდაპირ უნდა ითქვას და ამ შუღლის გაღვივებას ჩვენ შიგნით. არავითარი დისკურსი, არავითარი დღის წესრიგი არ არსებობს ვგულისხმობ უმეტესობას სატელევიზიო არხების და პოლიტიკოსების ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, მთელი საზოგადოება სურთ, რომ დააზომბირონ, ამ სიტყვას ვიხმარდი”, – განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“რას ხედავს და ხელისუფლების კრიტიკას, რაც მათთან, რუსეთის წყალობით, გამორიცხულია. ხედავს თავისუფალ ხალხს თავისუფალი სიტყვით. და ასევე ხედავს რუსული ყაიდის მთავრობას, რომელიც ზღუდავს, არბევს, კლავს. ხედავს და ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს რუსეთში იქნებიან თუ რუსულ საქართველოში. ხედავს და ვერ ამჩნევს განსხვავებას კრასნოდარსა და თბილისს შორის.
P.S. და მოიცა, ტელეკომპანია “იმედს” არ უყურებენ ეგ ახალგაზრდები, მშვიდობის და კეთილდღეობის სავანეს?” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.