ჭავჭავაძის გამზირის დემონსტრანტებისგან გათავისუფლების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებში სწავლა აღდგენილია, თუმცა თსუ-ის შენობის პერიმეტრზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ჩაკეტილია უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მთავარი შესასვლელიც, სტუდენტებსა და ლექტორებს ეზოს მხრიდან სათადარიგო კარის გამოყენება უწევთ.
გავრცელებული ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ სტუდენტებს მიუვიდათ შეტყობინება სასწავლო პროცესის აღდგენაზე, უნივერსიტეტში მათი დიდი ნაწილი არ მისულა.
რექტორის, ჯაბა სამუშიას კაბინეტთან კი დაცვაა გაძლიერებული:
“თსუ, შეიძლება ითქვას, რომ გარდაიქმნა სუს-ის თავშეყრის ადგილად. ეს არის ადგილი, სადაც განათლებას უნდა ვიღებდეთ სტუდენტები და თავისუფლად უნდა შევდიოდეთ, მაგრამ 6 წლის განმავლობაში მე პირადად არასდროს არ შემქმნია პრობლემა, რომ უნივერსიტეტის შენობაში შევსულიყავი, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც მივედი უნივერსიტეტში შემამოწმეს, მკითხეს სად მივდიოდი, რომელ აუდიტორიაში, პირობითად რომელ საგანზე უნდა შევსულიყავი და ძირითადად უკვე ამ კითხვების შემდგომ, როდესაც ჩემი იდენტიფიცირება მოხდა, ამის შემდგომ მომცეს უფლება რომ შევსულიყავი…
თვალში საცემი არის ის, რომ ჯაბა სამუშიას კაბინეტი, რომელიც შეგვიძლია გავიაროთ, იმ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი დაცვის წარმომადგენელი იყო. შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ემზადებიან იმისთვისაც, რომ თუ პირობითად სტუდენტთა დიდი ნაწილი შევიდა, ან პროტესტს დავიწყებდით უნივერსიტეტში, ამისთვისაც მზადყოფნა იყო,” – ამბობს თსუ-ის ყოფილი სტუდენტი გიორგი ღუღუნიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ, შენობაში იმყოფებოდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილი კი ჯაბა სამუშიასა და აკადემიური საბჭოსგან განმარტებებს მოითხოვს, ვინ მისცა სპეცრაზმს უმაღლეს სასწავლებელში შესვლისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, სპეცოპერაციის იქ დაგეგმვის უფლება.