გვანცა დარასელია 3 წელია, რაც ეკრანიდან გაუჩინარდა. ეს პერიოდი ოჯახსა და ოჯახურ ბიზნესს მოახმარა. ახლა კი საკუთარი კარიერის ახალ ეტაპს იწყებს – ახალშექმნილი ქალების რადიოს მთავარი მენეჯერი გახდა, რადიოსივრცე აქამდე მისთვის უცხო იყო. თუმცა მთელი აზარტით და მონდომებით ჩაერთო ამ საქმეში და პირველი გამოხმაურებითაც კმაყოფილია. ტელევიზიის მიღმა გატარებულ დროზე ახალ ამპლუასა და სიახლეებზე გვანცა ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა.
– ეკრანიდან რაც გაუჩინარდით, 3 წელი გავიდა. ალბათ ემოციური პერიოდი გამოიარეთ. თქვენ ხომ წლები სულ ეკრანზე ჩანდით და უცებ ამდენი თავისუფალი დრო…
– ძალიან ემოციური იყო ეს პერიოდი ჩემთვის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. რაც უფრო ჩართული ხარ ოჯახში და რაც უფრო მეტად ეკუთვნი ბავშვებს მით ნაკლები დრო გრჩება საკუთარი თავისთვის. დედობა და ოჯახის მართვა ყველაზე დაუფასებელი და რთული პროფესიაა. ბავშვები რაც იზრდებიან, მით მეტი საჭიროება აქვთ. არავინ თქვას, რომ ეს 3 წელი თავისუფალი დრო მქონდა. ჩემი მეგობრები აჩიკო სოლოღაშვილი და თიკა ფაცაცია სულ მეხმარებოდნენ. შეხვედრას ვერ ვახერხებდი, რადგან სულ დაკავებული ვიყავი. არადა მათი სამუშაო გრაფიკი ძალიან დატვირთულია და ისინი უფრო ახერხებდნენ დროის გამონახვას, ვიდრე მე.
არ მოვიტყუები და ემოციურად ძალიან რთული პერიოდი გავიარე. ჩემი სატელევიზიო ცხოვრების უწყვეტი ჯაჭვი ერთ დღესაც დაირღვა, მაგრამ გონების დონეზე ეს აბსოლუტურად გააზრებული იყო და ამიტომ არ მიჭირდა ემოციების დაძლევა. თუ რაღაცას არ დაამთავრებ, ვერ დაიწყებ ახალს, ვერ განვითარდები. ამას წინათ ერთ ერთმა ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, ქალ მენეჯერებს შორის ერთ ერთი საუკეთესო ხარო. ამ სიტყვებმა დამარწმუნა რომ ღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა.
– ამ წლის განმავლობაში კიდევ რამე ახალი საქმე ახალი გატაცება იპოვეთ?
– ჩემმა ოჯახმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეძლო და პრაღაში ქართული რესტორანი გახსნა. ძალიან დიდი შრომა და რესურსი ჩაიდო ამ საქმეში. ჩვენმა მონდომებამ გაამართლა და ეს ძალიან გვახარებს. ამ საქმით ჩემმა მეუღლემ აიხდინა თავისი დიდი ოცნება.
FACEBOOK კომენტარები