ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და საზოგადოებაში ცნობილი ძირითადი სოციალური თუ გასართობი პლატფორმების წარმომადგენლების, ასევე “ინფლუენსერების“ შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.
მისი თქმით, მხარეებმა ტექნიკური და მნიშვნელოვანი დეტალები განიხილეს. გაცვალეს აზრები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან და დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით.
“დამიჯერეთ, მე ახლა ისეთი გაბრაზებული ვარ და ჩემი ემოციური ფონი იმდენად მაღალ ტემპერატურაზეა, რომ ვიქნები ძალიან გულწრფელი. ოპოზიცია გაცილებით უფრო ადეკვატურად და ეფექტურად გამოიყურებოდა ამ შიდა შეხვედრაზე, ვიდრე შორიდან ჩანს.
რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც, ვფიქრობ, რომ თქვენც უნდა იცოდეთ. დანარჩენს ალბათ თავად გეტყვიან:
ერთობა ოპოზიციას შორის არსებობს. ის, რომ ვიღაცას ცალკე, თავისი ფრონტი აქვს გახსნილი, ეს დიდად არაფერს ცვლის. როდესაც ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ უერთდება აქციას და აქციაზე პირადად არის წარმოდგენილი, ეს უკვე ნიშნავს ერთობას. არ აქვს მნიშვნელობა ის ხალხთან იდგება თუ სცენასთან.
არავინ აპირებს, რომ “ქართული ოცნების“ ლეღვის ფოთოლი იყოს,“- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი თავის მიმართვაში.
მისი თქმით, “ოპოზიციის ლიდერები იაზრებენ ყველა იმ საფრთხეს, რაზეც შეიძლება დღეს “ქართული ოცნების“ ტროლ – ბოტები ქილიკობდნენ“.
“რაღაცების თქმა შემიძლია – რაღაცებს ვერ ვიტყვი. მაგალითად, ვიღაცა თუ ელოდება, რომ ხვალ რუსთაველზე მივლენ, დაყრიან კარვებს და შიგნით ოპოზიციის ლიდერები შევლენ, გაიყინებიან, უფუნქციოები იქნებიან, უენერგიოები და ძალიან არაეფექტურები – არა! ასეთი ტიპის გეგმა არ აქვთ.
ძალიან საინტერესო იდეები აქვთ და ფიქრობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, გაშლა, ჩაშლა… ჩვენი კონცენტრირება მოხდეს არა იმაზე, რომ რუსთაველზე შევიკრიბეთ, გავათენეთ, დავიღალეთ. მერე ვიღაცა 100 კაცი დარჩა და გაწუწეს, გაზი შეასხეს და სცემეს. ანუ, არ სურთ იმ გზის გავლა, რომელიც ასჯერ გაგვივლია.
აქვთ სხვადასხვა იდეები, რომ იყვნენ უფრო მეტად ეფექტურები. შესაძლოა გეგმის დაანონსების ფორმატი ჰქონდეთ სხვა,“ – აღნიშნა ტელეწამყვანმა.
მან ასევე მოუწოდა მხარდამჭერებს მოთმინებითა და ოპტიმიზმით აღივსონ:
“მეგობრებო, შეიძლება ერთი დღე იყოს წარმატებული, მეორე დღე იყოს წარუმატებელი, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. მთავარია ვიცოდეთ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც არ არის ერთდღიანი, მაგრამ არც ძალიან გრძელვადიანია,“ – მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანმა გამომწერებს.