პროპორციულ წესზე გადასვლას პარლამენტმა კენჭი არ უყარა. პარლამენტის თავმჯდომარეს არ უთქვამს, რომ პროცესი გადაიდო, თუმცა სხდომა კენჭისყრის გარეშე დაასრულა.
კენჭისყრა, სავარაუდოდ, ხვალ, 13 ნოემბერს გაიმართება. მანამდე უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა, სადაც ეს საკითხი განიხილება.
საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერდნენ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნების რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი. უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი კენჭისყრის გადადებას ითხოვდა.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მოძრაობა #სირცხვილიამ წამუყენა ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო აქციები დაიწყო. პროტესტის მეხუთე დღეს მმართველ გუნდს დათმობაზე მოუწია წასვლა. პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ.