პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საპარალმენტო უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ, ხატია დეკანოიძეს შორის შეკამათება მოხდა.
პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებისას თინა ბოკუჩავამ მანდატურებზე იძალადა, უმრავლესობის წევრებმა კი აგრესია აღკვეთეს.
უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებას ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:
“ეს კაცი რომ მატყუარა იყო კი ვიცოდით, მაგრამ ასე თვალებში ნაცარს როგორ გვაყრის? რეებს ბედავს ეს არარაობა?” – წერს პატარაია სოციალურ ქსელში.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მან თინა ბოკუჩავასგან მომდინარე აგრესია აღკვეთა, რაც მისივე შეფასებით, ნებისმიერი დეპუტატის არათუ უფლება, ვალდებულებაცაა.
„რაც შეეხება კონკრეტულად იმ საკითხს, თუკი ქალბატონ თინაზე საუბრობთ, თქვენ ხომ კარგად ნახეთ რაც ხდებოდა? ახლა რომ საუბრობთ იმაზე, გასაუბრება უნდოდაო, ის ორი მანდატური რატომ გაეკიდა ქალბატონ თინას და რატომ აკავებდა? რატომ ეჭიდავებოდა ორ მანდატურს ხომ ვერ ახსნით ამას? სწორედ ეს ხომ არ იყო ძალადობა და აგრესია? თქვენ გინდათ ახლა გაასაღოთ, რომ სპიკერატში მიჭრა, მანდატურებთან ჭიდაობა და დაუმორჩილებლობა… ქალზეც და კაცზეც ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც აგრესია მოდიოდა ადამიანისგან და აგრესია მოდიოდა ამ შემთხვევაში ქალბატონი თინასგან და სწორედ ამიტომ აკავებდა მას მანდატური. რა უნდოდა იქ მანდატურს?
თქვენ ხომ ყოფილი პოლიციელი ბრძანდებით? სწორედ მანდ არის პასუხი და თუ გულწრფელი იქნებით, გასცემთ თქვენ გულში ამას პასუხს, როდესაც აგრესია მოდის ადამიანისგან, იქ სქესს არ უნდა ამოეფაროს ადამიანი. ეს არის ყველაზე არასწორი გაგება ქალთა უფლებების, რომ სქესს ამოეფაროს და ქალობა არის ინდულგენცია. რომ არ ყოფილიყო აგრესია და საფრთხე იმისა, რომ ავიდოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან… ბევრი რამე გვაქვს თქვენგან ნანახი, საღებავების გადასხმა გვაქვს ნანახი, რაღაც ნივთიერებების დასხმა გვაქვს ნანახი პარლამენტში და ბევრი რამ არის მოსალოდნელი. ეს ძალადობა კი არ არის, ეს არის აგრესიის აღკვეთა. ჩემი მხრიდან ეს იყო არათუ ძალადობა, ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა. ორ მანდატურს ეჭიდავებოდა და [მისი შეჩერება] ეს იყო არათუ ჩემი უფლება, მორალური ვალდებულებაც“, – მიმართა პაპუაშვილმა დეკანოიძეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კი ჰკითხა: „ანუ, თინას ვერ ერეოდა ორი მანდატური და თქვენ მოერიეთ?“ – რაზეც პაპუაშვილმა მიუგო:
„ზუსტად! ორი მანდატურის მიმართაც ავლენდა აგრესიას და იჭრებოდა სპიკერატში. ყველა დეპუტატის არათუ უფლება, ვალდებულებაა, რომ როდესაც საფრთხე ემუქრება მეორე დეპუტატს, ჩაერიოს. ჩავერიე და გავარიდე იმ სიტუაციას!“, – უთხრა პაპუაშვილმა დეკანოიძეს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ურჩია, რომ “ასწავლოს” მის კოლეგებს, რომ ქალზე ძალადობა არ შეიძლება.
“ქალზე ძალადობა არ შეიძლება, ასწავლეთ და უთხარით თქვენი უმრავლესობის წევრებს, ბატონო კახა,” – მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
მისივე თქმით, დეპუტატ ქალზე ძალადობას საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია:
“როდესაც კაცი დეპუტატი ქალს ფიზიკურად ეხება, ამას ხედავს ქუჩაში მოქალაქე და ამ დეპუტატებზე საკანონმდებლო ორგანოს რეაგირება არ აქვს, ბატონო კახა, მათ შორის თქვენი მიღებული კანონები, რაც დისკრიმინაციას შეეხებოდა, ყველაფერი წყალში იყრება”,- თქვა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ხელში აიყვანა და ადგილიდან გაიყვანა. ოპოზიციის ნაწილმა აღნიშნული ქმედება ქალზე ძალადობად შეაფასა.