ჩვენი პარტია “ოცნების” არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოიყენებენ თუ დათმობენ საპარლამენტო მანდატებს.
გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა.
“ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი და სამართლიანობის განცდა ამ ქვეყანაში. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსიც არ გამოიყენეს და ეს ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება…ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი მილიარდების გადარჩენა ამჯობინა. სიხარბე, როგორც ხშირად ხდება, სიხარბემ მიგვიყვანა იმ მძიმე კრიზისულ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ივანიშვილმა თავისი თაღლითური სქემებით და ადამიანების ნების მოპარვით, იმდენად ჩიხში შეიყვანა თავისი და ქვეყნის მომავალიც, რომ მერწმუნეთ, არავითარი კომპრომისის რესურსი მე პირადად და ჩემს გუნდს, არ დაგვიტოვა…შესაბამისად ქვეყანაში სამართლიანობის განცდის და ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები… ჩვენ პარტია იმ არალეგიტიმურ პარლამენტს, ლეგიტიმაციის საშუალებას არ მისცემს. აქ ვსვამ წერტილს” განაცხადა გახარიამ.
ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.