საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 25 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს.
ირის ანტმანის გუნდი, მიხეილ მესხი 2-ზე ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა.
ირლანდიასთან პლეი-ოფის პირველ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე გამოტოვებენ.
საქართველო – ირლანდიის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა ირლანდიასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველ მატჩზე, რომელიც 25 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.
“ირლანდიის ნაკრებს კარგად ვიცნობთ, მაღალი დონის გუნდია, ფეხბურთელები კი პრემიერლიგაში თამაშობენ. მათთან შეხვედრის გამოცდილებაც გვაქვს, მაგრამ ეს წარსულში იყო. ახლა მომავალ თამაშებზე უნდა ვიფიქროთ. რაც მთავარია, გუნდი მზადაა მატჩისთვის და მჯერა, ირლანდიასთან საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოვავლენთ.
რაც მთავარია, ჩვენ გუნდურად ვთამაშობთ, ამ ეტაპამდე სწორედ ასე მოვედით. განვლილ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ფეხბურთლებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშონ და მოედანზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ჩემი ფეხბურთელებისგან პლეი ოფში სწორედ ამ ცოდნის გამოყენებას და უფრო მაღალ დონეზე თამაშს ველი.
ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერია შესაძლებელი. გოგონებმა ეს უნდა ირწმუნონ და ბევრი იშრომონ. თუ დავალებებს სწორად შეასრულებენ, წარმატებას მივაღწევთ. სამწუხაროდ, რამდენიმე მოთამაშე არ გვეყოლება, მაგრამ ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს. მთავარია, მოთამაშეები თავს კარგად გრძნობენ და მოახლოებულ მატჩს კარგი განწყობით ხვდებიან”