წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საჩინოში დღეს მომხდარ ტრაგედიას მე–5 კლასელი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ნიკოლოზ სალიაა.
მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებელი გია ჭკადუა მართავდა, ქუჩაში ფეხით სახლისკენ მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა.
შეჯახება სამწუხაროდ, იმდენად ძლიერი იყო, რომ მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ასევე დაშავდა ნიკოლოზის დედა, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას მოტეხილობები აქვს.
“უსაყვარლესი ნიკა არ გვყავს, რა უნდა გითხრათ, გაგვანადგურა ამ ამბავმა. ჩემი შვილი და ნიკა ერთად გაზრდილები არიან. სასწაულად თბილი და ძალიან მოსიყვარულე ბავშვი იყო. ბავშვმა რა დააშავა, რატომ უნდა დატრიალებულიყო ეს საშინელი ტრაგედია. მთელ სკოლას და მთელ სოფელს რომ უყვარს ისეთი ბავშვია ნიკა .დედას მოჰყავდა სკოლიდან, ამბობენ ხელი ხელჩაკიდებულები მოდიოდნენო, თავის გზაზე მიდიოდნენ ისინი, არ იყვნენ სამანქანო გზაზე, ერთი წუთის ამბავია, ერთ წუთში უნდა გადაეხვიათ და ჩიხში შევიდოდნენ და ამ დროს დატრიალდა ეს უბედურება.
მესამე კლასელია, სკოლაში ხელი მოიტეხა ერთი კვირის წინ ნიკამ, დაეცა სკოლაში და ხელი მოიტეხა, ახლა ასეთი საშინელება დატრიალდა. სახლამდე ძალიან ცოტა მანძილი იყო დარჩენილი, ერთი წუთი და უნდა გადაეხვიათ გზიდან. ამბობენ მძღოლი მთვრალი იყოო და დიდი სიჩქარით მოდიოდა. არც ის მძღოლია უცხო ჩვენთვის, არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან გაგვანადგურა ამ ამბავმა. სიტყვებს ვერ ვპოულობ, მიჭირს საუბარი. მანქანის მძღოლი გია ჭკადუა და ნიკას მამა კლასელები იყვნენ. ბავშვის დედა კლინიკაშია გადაყვანილი. ისე აქვს ფეხი დაზიანებული ამბობენ შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდესო. ღა უნდა ვთქვა”,- განაცხადა დაღუპული ბავშვის ახლობელმა ქალბატონმა და მან საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო, აქვითინდა
წყარო: კვირის პალიტრა