საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინათინ ხიდაშელს რამდენიმე თვის წინ COVID 19 დაუდასტურდა, კლინიკიდან გამოწერის შემდეგ კი მისი მდგომარეობა პოსკოვიდური სინდრომით დამძიმდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხიდაშელმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის გადაცემაში “ექიმები” ისაუბრა:
“არ ვიცი როგორ დაიწყო ეს კოვიდ -ისტორია, რადგან არ ვიცი საიდან მოვიდა ჩვენთან. ოჯახის დანარჩენ წევრებს ვირუსი მე გადავდე, თუმცა, საბედნიეროდ, მათი კოვიდ – ისტორიები მოკლე აღმოჩნდა, შედეგები სხვებისთის ისეთი მტკივნეული არ იყო, როგორც ჩემთვის.
ყველაზე რთული იყო კლინიკაში ყოფნის პირველი ორი ღამე, თვალებს რომ დახუჭავ განცდა გაქვს, რომ სადღაც ჯოჯოხეთში მიგაქანებს. ცოცხალი გადავრჩი. კლინიკაში მე სიცოცხლე მაჩუქეს.
როდესაც საავადმყოფო დავტოვე ფიზიკურად ძალიან კარგად ვიყავი, ჩვეულებრივად ვმოძრაობდი, დავდიოდი… აი, ამ უმძიმესი კოვიდ გადატანილი ფილტვებით, ლექციების წაკითხვა დავიწყე, ეს ენერგია მქონდა.
საფრთხე თავიდან დაიწყო… ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე მარათონი რომ გაირბინო, ისეთი განცდა გაქვს, ამას დაემატა მაღალი პულსი, მივხვდი, რომ რაღაც განსხვავებული ხდებოდა ჩემს თავს, პრაქტიკულად მთელი ორგანიზმი იყო ჩათრეული ამ გართულებაში. ძალიან ბევრი ეპიზოდი მქონდა წაქცევის, მათ შორის ქუჩაში, შემდეგ მივხვდი, რომ სავარძელი გარდაუვალია, ეს საშუალება მაძლევს გარეთ გამოვიდე. უკვე შიში გიქრება რომ წაიქცევი და რაღაცას მოიტეხ.
ყოველ კვირას დამატებითი შეზღუდვა მიჩნდება, წინა კვირას სავარძელში არ ვიჯექი, ერთი კვირაა რაც სავარძელში ვზივარ. ამის გარდა, პოსკოვიდური ერთ-ერთი სინდრომი არის დიაბეტი, რომელიც არ მქონია, მაგრამ ახლა მაქვს. ეს სახე ძალიან მაღიზიანებს და სარკეში საერთოდ არ ვიხედები, ახლა შედარებით შემცირებულია, სამი კვირის წინ გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყო. შემცირებულია ვიზუალურად, სინამდვილეში, შიგნით შევიდა ახლა უკვე. ცოტა ვჩიფჩიფებ, იმიტომ რომ ღრძილები დასიებული მაქვს.
არ ვიცოდი, რომ “ფეისბუქის” მესინჯერს ჰქონია ნაწილი, სადაც მოდის მესიჯები არამეგობრების. ისე მრცხვენია ვერ წარმოიდგენთ, 2 კვირის წინ აღმოვაჩინე 5 თვის განმავლობაში გამოგზავნილი რამდენიმე ათეული ათასი მესიჯი, იცით როგორი გზავნილები? ბევრ ათას ადამიანს ქეჩოთი ვეჭირე და იმ უფსკრულიდან მათრევდა. იმ დღეს დამთავრდა ჩემი ავადმყოფობა, მივხვდი, რომ რაღაც გაგებით, ტყუილად არ მიცხოვრია და ცხოვრება უნდა გავაგრძელო,” – ამბობს თინა ხიდაშელი.