საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს. – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც გაბუნიან მედიის წარმომადგენლებს ამცნო, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები განსაკუთრებით გააქტიურებულია.
მისივე თქმით, გასული ორი-სამი დღის განმავლობაში საჭირო გახდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც როგორც გაბუნია განმარტავს, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
„კოვიდპანდემიის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც განსაკუთრებულ რისკებს აყენებს ისევ და ისევ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზოგადად, საზოგადოების სოციალური, ასევე ნებისმიერი სხვა პროცესების განვითარების კუთხით. შემთხვევების რაოდენობა უკვე აღემატება 1 800-ს, ეს გარკვეულწილად არის ჯამური მაჩვენებელი, თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებაზე. გასული ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და საწოლების დამატებით მობილიზება მოგვიხდა. ეს ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში, მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა, ამ შემთხვევაში, ყველას ინტერესია, ვაქცინაციის პროგრამა შეფერხების გარეშე განხორციელდეს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გვამცნობს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის სულ 72 შემთხვევაა დადასტურებული.
მისივე თქმით, ამ ფონზე იზრდება რისკები, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს.
„ახალი შტამების ცირკულაციის პირობებში, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს დელტა შტამი, უკვე ქვეყანაში 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, რა თქმა უნდა, რისკები იმისა, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს, იზრდება“,- განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდვითარებას დააკვირდება და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„ბოლო პერიოდში ბავშვთა ბანაკები იყო აქტიური და შესაძლოა, ბავშვთა ბანაკები და მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიებებიც იყო ხელშემწყობი ინფექციის გავრცელების. დღეს ყველას გვესმის, რომ 1 500-ზე მეტი შემთხვევა არის საკმაოდ კრიტიკული ზღვარი, იმისთვის, რომ ჩვენ სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები. ამდენად, საკოორდინაციო საბჭო დაელოდება და რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდვითარებას დააკვირდება. ვაქცინაციის ტემპის გააქტიურება, დისტანცია, პირბადის ტარება არის მთავარი გამოსავალი. რა თქმა უნდა, არასაჭირო, არააუცილებელი ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად, სკოლების ბანაკი და ასეთი ტიპის ღონისძიებები, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ან ვაკონტროლოთ დამსწრეთა რაოდენობა.
აქციები არის არაბუნებრივი მობილობა, განსაკუთრებით მაღალი მობილობა. ამისი გამოცდილება ჩვენ ნოემბერ-დეკემბერშიც გვქონდა. რა თქმა უნდა, ეს ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას, პირბადე არც არავის გამოუყენებია და არც სოციალური დისტანციაა დაცული. მესმის, რომ აქციების ფონზე საზოგადოების აქტივობა ძალიან მაღალია. ამ შემთხვევაში, ერთადერთი დაცვის საშუალება არის პირბადე“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების შესახებ ისაუბრა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმაც. ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოზე სამი რეკომენდაციით წარდგა, რაც გულისხმობს ვაქცინაციის მეტ ინდენტიფიცირების, ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და არსებული რეკომენდაციების და შეზღუდვების სრულად დაცვას.
„დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთგამგები განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება.
კორონა ვირუსმა არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი გაიზარდა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსი 1862 ადამიანს დაუდგინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი.
ინფექციისგან, ბოლო 24 საათში, 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა.