მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“საქართველო ეკლესიაზე რომ იდგა საუკუნეების მანძილზე – ამ ეკლესიას და სახელმწიფოს ოკუპანტები ესხმოდნენ მუდამ… საქართველო ინარჩუნებდა თავის რელიგიურ, ეთნიკურ და კულტურულ იდენტობას!
სწორედ ომებში და მუდმივ ბრძოლაში მყოფი ქვეყანა და ხალხი ინარჩუნებდა საკუთარ იდენტობას! იყო რწმენაც და ჭეშმარიტი გარჩევა ბოროტისა და კეთილის!
ახლა ეკლესია შევიწროვებული არ არის და არც საბრძოლო რეჟიმშია, მრევლიც კარგად ჰყავს და გარკვეული რეიტინგებიც, მაგრამ პირდაპირ რუის-ურბნისის კრების პირასაა მისული!..
საერთოდ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოს ქმნის ხალხი! ჯერ კიდევ 100 წლის წინ დაწერილ კონსტიტუციაში და დამოუკიდებლობის აქტში ეწერა უმცირესობების უფლებები! ერთი საუკუნის შემდეგ აღარ დადგა დრო, რომ ყველანაირ უმცირესობას მიეცეს სუნთქვის უფლება? – თანასწორი უფლება… უმრავლესობას ხომ ეს სხვადასხვა უმცირესობები ქმნიან?! კი ბატონო, გახდეს ეს დისკუსიის საგანი, როგორც ჩანს, ჯერ ყველას გათავისებული არ აქვს რას ნიშნავს რუსეთისგან სრულიად განსხვავებული ნამდვილი დემოკრატია… რას ნიშნავს ადამიანის უფლებები!?
ვიმსჯელოთ და ვიდაოთ ამაზე, საკანონმდებლო დონეზე თუნდაც, მაგრამ რა ხდება??? ერთი მხრივ, ასოცირების ხელშეკრულებასა და კონსტიტუციაში ჩაწერილი პუნქტები, მეორე მხრივ, კი ქუჩაში დაგეგმილი პრაიდი, რომელსაც დაანონსებულად მიჰყვებოდა ლაიტმოტივად შესაძლო ძალადობა! და ეს დღეც დადგა! ისმის მთავარი კითხვა: რა მოხდა? ვინ დაგეგმა, ვისი პასუხისმგებლობაა? თუმცა , უმცირესობამდე ვინ მივიდა, – პირდაპირ ქართულ მედიაზე თავდასხმამ სრულად გადაფარა ყველანაირი ადამიანური უფლება და ღირებულება! მედია რომელზეც გადის ყველაფერი, იქნა ქვეყნის მთავარ გამზირზე სამსხვერპლოდ განწირული!
და ბოლოს, ამ ყველაფერს რიგი სასულიერო პირები ახალისებდნენ და მოუწოდებდნენ! შემდეგ ლექსო გარდაიცვალა! მოძალადეები გაქრნენ დროებით!!! რუს პროპაგანდისტებს ფრიად ეამათ ეს ფაქტები! საქართველო მსოფლიო მასშტაბით შერცხვა!
არც უმუშევარ ხალხს და გაქცეულ ემიგრანტებს შემატებიათ რაიმე!!! ნაწილს კი მიაჩნია კიდევაც, რომ სხვისი უფლების დაცვა და ამის გაშუქება პროპაგანდაა გარყვნილების… ეს მცირე ნაწილი ამართლებს ძალადობას!
ეკლესიაზე დგას საქართველოო.. რომელ ეკლესიაზე?- რომელიც ძალადობის ენაზე ესაუბრება იმ უმცირესობას, რომელიც თავად ჰყავს სასულიერო შემადგენლობაში?! შიგნით მალავენ – გარეთ არბევინებენ! ეს მორალია ყველგან! მტერს ეძებს ყველა, მტრის ხატს ხატავს ყველა! ეს მტრის ხატი ხან ერთი პარტიაა, ხან მეორე, ხან ლგბტ, ხან რუსეთი, ხან ევროპა და ამერიკა!!! ბოლოს კი გამოდის, რომ მტრის ხატს ერთმანეთისგან ვხატავთ და ისევ რუსთაველის გამზირზე ვიმეტებთ საკუთარ თანამემამულეს! (მომწონს ეს უკანასკნელი სიტყვა),” – წერს გიორგი გასვიანი.