შუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძე შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს – ინფორმაციას “პუბლიკა” ავრცელებს.
დღეს შიმშილობის მე-40 დღეა.
შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ.
შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
მათი მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.
თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.
შეგახსენებთ, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თითქმის 200 დღეა მაღაროების მმართველი კომპანიის წინააღმდეგ გამოსვლებს მართავენ. სექტემბრიდან პროტესტის ნაწილმა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.