საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გმირულად დაღუპული შოთა ქარსელაძის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“შოთა ქარსელაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
დიდია განსაცდელი, რომლის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ შოთას მიერ გადადგმული ნაბიჯი, მთელი მისი ცხოვრების მწვერვალია. უფალი ბრძანებს: ,,არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის (ინ.15:13). ბუნებით ისედაც გამორჩეულმა, სამშობლოს გულშემატკივარმა შოთამ ამის მაგალითი უჩვენა საზოგადოებას.
თქვენ გლოვა არ გმართებთ, რადგან ასეთნი უფლის სავანის მკვიდრნი ხდებიან; ,,პატიოსან არს წინაშე ღვთისა სიკვდილი წმიდათა მისთა”.
ღმერთმა დაგლოცოთ!” – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.
ორთაჭალაში, მტკვარში 14 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. შოთა ქარსელაძემ მისი გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ცნობილია, რომ გმირულად დაღუპულმა მამაკაცმა ცურვა არ იცოდა.