კესარია აბრამიძის ოჯახის პირველი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ. ოჯახს, ბექა ჯაიანის შეურაცხადობის და აფექტის არ სჯერა.
მოკლული ქალის ოჯახის პოზიცია დღეს მათმა ახლობელმა “პირველებთან” გააჟღერა, რომელმაც თქვა, რომ ტრანსგენდერის ოჯახი სასჯელის ზომად და სახედ თავისუფლების უვადო აღკვეთას ითხოვს.
“არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი მათ შორის, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება ბრალდებულის მხირდან. ფაქტია ერთი, რომ პირმა განიზრახა დანაშაულის ჩადენა, მკვლელობა, შეიძინა დანაშაულის იარაღი, ავიდა, სისრულეში მოიყვანა მისი განზრახვა, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, გაიქცა, გადამალა მტკიცებულებები, გაანადგურა მტკიცებულება – ტანსაცმელი და სცადა დაეტოვებინა ქვეყნის საზღვარი. სად არის აქ აფექტი ან შეურაცხადობა. ოჯახი არც კი განიხილავს ვადიან თავისუფლების აღკვეთას. ოჯახის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების უვადო აღკვეთა”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.
იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანი ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს, ტრანსგენდერი ქალის ახლობლები ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ.
“დარტყმა იყო, ძალადობა იყო, ბულიგი, დამცირება იყო, ანუ ბრალდებულს ჰქოდნა მანამდედაც მცდელობები, რომ გარდაცვლილი მაქსიმალურად დაემცირებინა. თუ ეს მოხდა, ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ და ასე არ დავტოვებთ. 100%-ით წინააღმდეგნი ვართ ბრალდებულსი ხონის ფსიქიატრიულში წაყვანის”, – ამბობს კესარიას მეგობარი.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. 26 წლის ბექა ჯაიანის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.
თუ დადგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ბექა ჯაიანი შეურაცხადი იყო, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ის ციხის ნაცვლად, კლინიკაში გაუშვან.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს არის ჩანიშნული და როგორც დღეს “პირველებთან” ბექა ჯაიანის უფლებადამცველმა დააანონსა, ბრალდებული სწორედ შემდეგ სასამართლო სხდომაზე დაარღვევს დუმილს.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.