სპეცოპერაციები თბილისში – სამართალდამცველებმა ღამით, ერთდროულად რამდენიმე ღამის კლუბში, რეიდი ჩაატარეს.
თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით, დაკავებულია 14-ი პირი. გამოძიების ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სხვადასხვა მეთოდით, თანხას სძალავდნენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.
„შარდენის ქუჩაზე ერთდროულად ხუთ ღამის კლუბში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ამ ეტაპზე დაკავებულია 14 პირი თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით, მაგრამ გაიზრდება დაკავებულების რაოდენობა. გამოძიების პროცესში შეიძლება, კიდევ გამოიკვეთოს ახალი ფიგურანტები. ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფსიქოლოგიური და ძალადობრივი მეთოდებით თანხებს თაღლითურად სძალავდნენ. შეკვეთილი პროდუქციის ანგარიში როდესაც მოჰქონდათ, ერთ ნულს უწერდნენ პირველადი მენიუს შემდეგ, მაგალითისთვის, მომხმარებელს სამასი ლარის პროდუქტში ანგარიშსწორების დროს სამი ათას ლარიანი ჩეკი მოსდიოდა. გაპროტესტების შემთხვევაში ძალადობრივი მეთოდით სძალავდნენ თანხებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები გაურკვეველ სიტუაციაში რჩებოდნენ, ხშირ შემთხვევაში უხდებოდათ ამ თანხის გადახდა, რიგ შემთხვევაში მიმართავდნენ პოლიციას დახმარებისთვის“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
