სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძის სახელით უკვე ბოლო რამდენიმე დღეა გაყალბებული გამოკითხვა და გამოგონილი ამბები ვრცელდება. ერთ-ერთ ბოლო ცრუ ინფორმაცია, რომელმაც ინტერნეტ-სივრცე მოიცვა, საზოგადოების ნაწილმა დაიჯერა და შეცდომაში მარტივად შევიდა.
“ჩემო კეთილო მსმენელებო გთზოვთ ყურადღებით წაიკითხოთ,” აი ასე ორი ხელით გთხოვთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემ კარიერაზე, დაიწყო გამოკითხვა იმის შესახებ თუ უნდა გავხსნა კლინიკა თუ არა შემდეგ დაითვლება ეს ხმები და სახელმწიფო გადაწყვეტს, ყველას უკლებლივ გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარებში და გააზიაროთ ეს ფოტო რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, მე მჯერა თქვენი ჩემი მხარდაჭერისთვის და ძალიან მადლობელი ვარ მიყვარხართ ყველა თქვენი გიორგი ღოღობერიძე”
ეს ამბავი სოციალურ ქსელში დაახლებით 20 000-ზე მეტმა ადამიანმა გააზიარა და დაიწერა ათასობით კომენტარი. ცრუ ინფორმაციის შემქმნელებმა და გამავრცელებლებმა მიზანს მიაღწიეს, რადგან მათი ჯგუფების ვიზიტორებისა და წევრების რაოდენობა გაიზარდა.
აღნიშნულ თემაზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედის დღე” ისაუბრა:
“რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე კლინიკის ასაშენებლად საზოგადოებას გარკვეულ აქტივობასა და ფინანსურ მხარდაჭერას ვთხოვდი. ეს ყველაფერი სიცრუეა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი ხალხის ნდობით ბოროტად სარგებლობს. გარკვეული სახის პოსტებს ქმნის, რომელიც ყალბ ინფორმაციას შეიცავს და მე უშუალოდ, არ მიკავშირდება რეალურ ცხოვრებაში. ჩემი სახელითა და გვარით ყალბ პროფილებს ქმნის. მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. მსგავსი შინაარსის პოსტების, თემებისა და პროფილების მიმართ ყურადღებით იყვნენ, და ინფორმაცია ყოველთვის ჩემს ოფიციალურ გვერდზე გადაამოწმონ” – ამბობს ღოღობერიძე.