რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ გუშინ განვითარებული მოვლენებზე ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“- რუსეთი რომ საზღვრებს წევს,
– ლარის კურსი რომ სულს ღაფავს,
– ბენზინი ყოველ დღე რომ ძვირდება,
– ბავშვები რომ ძალადობას ვერ უძლებენ და თავს იკლავენ,
– სოფლები რომ იცლება,
– უსაქმური მენტალიტეტის და მიზერი ხელფასების გამო ხალხი მათხოვრად რომ არის გადაქცეული,
– ნარკომანია რომ ყვავის და თაობები რომ ჩალპა
– ქალაქში რომ სუნთქვა აღარ შეიძლება
– კულტურამ რომ ფასი დაკარგა
– ძროხები რომ ნაგავსაყრელებზე ჭამენ და იმ რძეს ცეცხლის ფასი აქვს
– და უამრავ ათას პრობლემას მიყურძირებულს რომ ვტოვებთ, ამ დროს სად არიან აქციის ერთი და მეორე მხარის წარმომადგენლები? ეს საკითხები რატომ არ ანაღვლებთ?” – წერს მარიკა ბაკურაძე.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები დაშავდნენ.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
ამასთან, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია რვა პირი.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.