მსოფლიო ბაზრებზე ყავის ფასი იზრდება. Tradingeconomics-ის მონაცემებით, თბილისის დროით 16:00 საათზე არაბიკას ფიუჩერსები ფუნტზე 2,6 დოლარს შეადგენს. ღირებულება წლიურად 76%-ით, ხოლო ერთ თვეში 5.8%-ით არის გაძვირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყავაზე ფასების ზრდას ბრაზილიაში ცუდი მოსავლის შიში აჩქარებს. ცნობისთვის, ბრაზილია მსოფლიოში ყავის მარცვლების უმსხვილეს მიმწოდებელია. ქვეყანა 2024-2025 სეზონური წლის მოსავლის აღებას ასრულებს და უკვე აშკარაა, რომ გვალვის ხანგრძლივმა პერიოდმა პლანტაციებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
რა რაოდენობის ყავა იყიდა წელს საქართველომ, როგორ მერყეობს საიმპორტო ფასები და ძირითადი ბაზრები?
2024 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 24.3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 4 945 ტონა ყავა იყიდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 19.9 მილიონი დოლარის ღირებულების 5 050 ტონა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ყავის იმპორტი გაუძვირდა. გასულ წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 3.9 დოლარი იყო, მიმდინარე წელს კი ფასი 4.9 დოლარამდე გაიზარდა. მონაცემები აჩვენებს, რომ ყავის საშუალო საიმპორტო ფასი 25%-ით გაიზარდა.
რა ღირს საქართველოს სხვადასხვა სუპერმარკეტში ყავის მარცვლები? – თუ ორიოდე თვის წინ ერთი კილოგრამი დასაფქვავი, დაუფასოებელი ყავის ღირებულება კილოგრამზე მინიმუმ 28 ლარს შეადგენდა, ამ დროისთვის მინიმალური ფასი 32 ლარია
წყარო: Business Press News