ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხ მოქალაქეს, მათ შორის, ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ს სასანქციო სიაში მოხვდნენ კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს საზოგადოებაში ძირითადად როგორც „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლებს, ისე იცნობენ. თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ისინი წილებს სხვადასხვა კომპანიებში ფლობენ.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კონსტანტინე მორგოშიას სახელი დაკავშირებულია შემდეგ კომპანიებთან:
შპს მაგნუს დიზაინი (ფლობს კომპანიის 51%-იან წილს);
ალტერნატივა საქართველოსთვის “ალტინფო” (დამფუძნებელი/დირექტორი);
შპს გრანდე გრუპ ჯორჯია (დირექტორი);
შპს კემ კონსტრაქშენი (100%-იანი მეწილე);
შპს კავკასიონი (თავმჯდომარე).
რაც შეეხება ზურა მახარაძეს, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მისი კავშირები კომპანიებთან ასეთია:
შპს Art-M Travel (ფლობს კომპანიის 20%-ს);
შპს კავკასიის საექსპორტო კომპანია (ფლობს კომპანიის 25%);
კონსერვატიული პოლიტ-ანალიტიკის ცენტრი (დირექტორი);
ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია შავფაროსნები (დირექტორი);
ახალგაზრდული ორგანიზაცია შავფაროსნები (დირექტორი)
ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ასევე, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დააწესა.
სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები ნიშნავს, რომ ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომაც. როგორც ცნობილია, შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა დაემორჩილონ ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც.
ზვიად ხარაზიშვილის საკუთრებაშია 3 მიწის ნაკვეთი, აქედან 2 “რეფორმით“ მიღებული, ხოლო ერთი, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, 2010 წელს 3000 დოლარად აქვს შეძენილი. ასევე ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნის ბინა თბილისში, რომელიც 2005 წელს 15 000 აშშ დოლარად შეიძინა (გაეცანით დეტალებს “ხარებას” ქონების შესახებ)