“ამ საქმის კეთება ყოველთვის მსიამოვნებდა, რას გულისხმობს ეს საქმე? – პაციენტზე ორიენტირებას და საკუთარი ცხოვრების ამ მიმართულებით წარმართვას. ნებისმიერ შემთხვევაში ექიმის მოვალეობა ხალხის დახმარებას გულისხმობს. მედიცინის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. დღე მედიცინით იწყება და მთავრდება” – ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ POSTV-ის გადაცემაში “სიკეთე მარტივია” ისაუბრა.
როდესაც თავდაპირველად ეკრანებზე გამოჩნდი და სამედიცინო კუთხით სხვადასხვა რჩევებს იძლეოდი, თუ წარმოიდგენდი რომ ასეთი ინტერესი გაჩნდებოდა შენს მიმართ და ასეთი პოპულარული გახდებოდი? – გადაცემის წამყვანის მერიკო კარტოზიას შეკითხვას გიორგი ღოღობერიძე ასე პასუხობს:
“დედა რომ ცოცხალი მყავდეს და მხედავდეს, რომ მეთქვა ახლა მე ეს ყველაფერი პოპულარობის გამო მინდა – მეთქი, აქაც არ გამომაჩენდა. საკუთარ ოჯახზე გამოვცადეთ რას ნიშნავს როცა ექიმთან წვდომა არ გაქვს, ფინანსურად გიჭირს, ან უამრავი პრობლემა გაქვს, რომელსაც შეკრება სჭირდება და ვიღაცისგან რჩევის მიცემა…. ძალიან დიდი გამოწვევაა ეს ჩვენს ყოველდღიურობაში. ჩემს გვერდზე როდესაც აქტივობები დავიწყე, თუმცა, არანაირი ინტერესი არ მქონია და სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს აიტაცებდა. მედიცინა მაინც სპეციალური ტერმინებით სავსეა და რთულად გასაგებია ხოლმე, მაგალითად მეც ძალიან მიჭირს იურისტების საუბრების ბოლომდე გააზრება, იქაც სპეციფიკური ტერმინებია, როგორც მედიცინაში… რომ გითხრათ ველოდი საზოგადოება ამ ყველაფერს გაიგებდა-მეთქი და მეტყოდა – “როგორი მარტივია” -ნამდვილად არა, თუმცა, მერე და მერე ხალხმა ეს ყველაფერი აიტაცა, მიიღო, დაინტერესდნენ.
როცა ექიმი ხარ, შენი მოვალეობაა პაციენტის მოსმენა, ექიმი ხომ არ ირჩევს პაციენტს, პაციენტები მიდიან ექიმებთან. ზოგჯერ ძალიან მწყინს ხოლმე, როცა მეუბნებიან სამედიცინო ბლოგერი ხარო, ძალიან შორს ვარ არ რაღაცებისგან. ვერ ვიტყვი ჩემ თავზე რომ მე ვარ ბლოგერი, არც პოპულარობაა ჩემი ინტერესი… მე ჩემი საკუთარი თავი მედიცინაში ჯერ კიდევ მეათე კლასში ვიპოვე, როდესაც დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა, იქიდან მოყოლებული ეს გრძნობა არასდროს გამნელებია. მედიცინის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. დღე მედიცინით იწყება და მთავრდება” – ამბობს ღოღობერიძე მერიკო კარტოზიასთან ინტერვიუში.