თუ ასეთი პრინციპული ხარ, გეყოს ვაჟკაცობა და ნუ მისცემ PRIDE-ს ჩატარების ნებას – ასე მიმართა “ლელო”-ს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ “ქართულ ოცნებას” პრაიდის კვირეულზე საუბრისას.
“სანამ ასეთი კეკლუცობა არ იქნება აღკვეთილი, რაც ჩვენ კობახიძისა და კალაძის განცხადებით მოვისმინეთ, იმ ადამიანებისგან, ვინც არის ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში კანონი არასდროს არ იკანონებს. კეკლუცობა არის ის, რომ პრაიდის ჩატარების უფლება მისცა ხელისუფლებამ. ახლა ერთი ხელით აძლევდე ნებართვას და ეუბნებოდე, რომ რუსთაველზე ჩაატარე და მეორე ხელით ამბობს, რომ იცი რა, მოდი ნუ ჩაატარებ, ეს არის კეკლუცობა. გეყოს ვაჟკაცობა და ნუ მისცემ ნებას, თუ ასეთი პრინციპული ხარ.
ახლა ემოციებზე მუშაობა, რომ კანონს არ ვარღვევ, მომმართეს და გინდა თუ არა, რუსთაველზე უნდა ჩავატარებინო და მერე ამას მოაყოლებ, რომ იცი, თუ ხედავ, რომ ამას რისკი მოჰყვება და რაღაც მიზეზის გამო ვერ იცავ – პოლიცია ვერ იცავს, კანონს ვერ იცავ, მაშინ შენ ხარ პასუხისმგებელი შედეგებზე, როგორც ხელისუფალი. შენ ხარ პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომელიც, შეიძლება, დამაზიანებელი იყოს. საპატრიარქომ განაცხადა, რომ ისინი ხედავენ რისკს, რომ შეიძლება დამთავრდეს ცუდად ჩვენი სტაბილურობისთვის, სიმშვიდისთვის. საპატრიარქო ხედავს პრობლემას, კალაძე ამბობს, რომ მე მივეცი ნებართვა, მე მგონი, ქალაქი გასცემს ამ ნებართვას, მაგრამ, მოდი, ნუ ჩაატარებ – დალოცვილო, თუ პრობლემას ხედავ, თან ეუბნები არ ჩაატაროო და თან ნებართვას იძლევი, ეს ორმაგი სტანდარტი ხომ უნდა დამთავრდეს?” – განაცხადა მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
“ლელო”-ს ლიდერი აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა:
“ამას ასწავლეთ ვინმემ საქართველოს კანონმდებლობა და აუხსენით, რომ ქუჩაში გავლის უფლებას ხელისუფლება არ იძლევა, ჩვენდათავად გვაქვს ეგ უფლება – თანდაყოლილია.
სიაბანდზე ნუ იბრიქება.” – დაწერა ჩერგოლეიშილმა სოციალურ ქსელში.
“თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს 1-5 ივლისს გამართავს, 5 ივლისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარში” გაიმართება.
“ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა”, –აცხადებენ აქტივისტები.
პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების განმავლობაში, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე.
2019 წელს თბილისში პირველად დაიგეგმა ლგბტ პრაიდის კვირეული, რომელიც მაშინაც “ღირსების მარშით” უნდა დაგვირგვინებულიყო ქალაქის რომელიმე ქუჩაზე.