ალბანური მედია საქართველოს ნაკრებთან ეროვნული გუნდის მარცხს (0:1) გამოეხმაურა და ვილი სანიოლის გუნდის უპირატესობა აღიარა.
Albanianpost-ი – საქართველომ ალბანური ციხე-სიმაგრე „დაანგრია“
„ერთა ლიგის B1 ლიგის მეორე მატჩში ალბანეთი საქართველოსთან 0:1 დამარცხდა. „წითლებმა“ მეტოქეს „აირ ალბანია არენაზე“ უმასპინძლეს, რომელიც სილვინიოს ხელმძღვანელობით უძლეველი ციხე-სიმაგრე იყო და დიდი ხანი გოლი არ გვქონდა გაშვებული. ეს ალბანეთისა და საქართველოს მე-16 მატჩი იყო. „წითლებმა“ სამი მოიგეს, ოთხი ფრედ ითამაშეს და 9 წააგეს. ამასთან, 24 გოლი გაუშვეს და 13 გაიტანეს“.
Panorama – საქართველოს ნაკრებთან კარში ვერ დავარტყით
„ალბანეთმა ერთა ლიგის ჯგუფში უკან დაიხია, როდესაც საქართველოსთან 0:1 წააგო. გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია უკრაინის წინააღმდეგ პირველ მატჩში, მაგრამ ქართველებთან იმავე თამაშის გამეორება ვერ შეძლო. სილვინიოს გუნდს რეალური შანსები არც ჰქონია და საბოლოოდ დავმარცხდით, კარში კი ერთი არ დარტყმაც არ დაფიქსირებულა. ფინალური სასტვენის შემდეგ ჩვენი ნაკრები მიწაზე „დაეშვა““.
Shqiptarja – სილვინიოს პირველი საშინაო მარცხი
„ალბანეთის საფეხბურთო ნაკრები საქართველოსთან 0:1 დამარცხდა. ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეორე ტურის მატჩის ბედი ქოჩორაშვილმა 71-ე წუთზე გატანილი სუპერგოლით გადაწყვიტა. თამაში ისე დასრულდა, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა მამარდაშვილის კარში ბურთი ერთხელაც ვერ გაუშვეს. ეს სილვინიოს ეპოქაში „აირ ალბანიაზე“ ჩვენი ნაკრების პირველი მარცხია“.
Gazeta-shqip-ი – საქართველოს ნაკრების დაცვა კარგად იყო ორგანიზებული
„საქართველომ ალბანეთს ბრწყინვალე გოლით სძლია. მართალია, ერთა ლიგის B1 ჯგუფის მატჩი მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო, მაგრამ მათ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ქართველებმა კი ქოჩორაშვილის წყალობით გაიმარჯვეს. საქართველოს დაცვა კარგად იყო ორგანიზებული და ჩვენმა გუნდმა ვერაფერი მოუხერხა“.
ტირანაში გამარჯვების წყალობით, საქართველო 6 ქულით ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია. ალბანეთსა და ჩეხეთს 3-3 ქულა აქვთ, უკრაინა ქულის გარეშე ბოლო ადგილზეა.