სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს- ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.
ცესკო-ს ინფორმაციით, 11 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და ნებისმიერი ამომრჩეველი შეძლებს მასში მონაწილეობის მიღებას.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
„ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს – რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩოკონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება.
11 სექტემბერს იმიტირებული კენჭისყრის პროცესი დაიწყება 11:00 საათიდან და გაგრძელდება 18:00 საათამდე. საარჩევნო ოლქების მიხედვით საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება იმიტირებული კენჭისყრა, განთავსებულია აღნიშნულ ბმულზე.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესონ ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს.
საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტი საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი“, – ვკითხულობთ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.