საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი უკვე საქართველოში იმყოფება და სანამ ფეხბურთელებიც შეუერთდებიან, ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. 47 წლის სპეციალისტმა ქართულ სპორტულ მედიასთან ინტერვიუში ევროპის განვლილ ჩემპიონატსა და საქართველოს ნაკრების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ნაკრებმა უნდა შეინარჩუნოს ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები სათამაშო სტანდარტი და ერთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშებისთვის მაქსიმალურად მოემზადოს.
„მეამაყება, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა დიდი სიხარული მიანიჭეს ქვეყანას და ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემპიონატი, გარდა იმისა, რომ დიდი წარმატება იყო ჩვენთვის, უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგვცემს და მომავალში გამოგვადგება იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოვიდეთ აქამდე. რა უნდა გავიმეოროთ, რა სჭირდება მსგავს შედეგებს. რა სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატს, ევროპის ჩემპიონატს. ახლა ვიცით, ამისთვის რა გზა უნდა გავიაროთ.
მე ვფიქრობ, ყველამ ვიცით, როგორ შევინარჩუნოთ ეს სტანდარტი. ამისთვის საჭიროა, გავაგრძელოთ მძიმე შრომა. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც კარგი მომავლის იმედს გვაძლევს. მოთამაშეებს მოუწევთ დაივიწყონ ევროპის ჩემპიონატის ემოციური ნაწილი. მათ ეს გამოცდილება საკუთარ თავში უნდა შეინახონ, მომავალს კი ისე შეხედონ, როგორც ახალ პროექტს. როდესაც შევხვდები მოთამაშეებს, პირველი, რასაც ვეტყვი, იქნება – დასრულდა, ბედნიერება და ბედნიერი ქვეყანა, ბედნიერი ბიჭები. ახლა წინ ჩეხეთი და ალბანეთია, რადან ჩეხეთს და ალბანეთს არ აინტერესებთ, ევროპის ჩემპიონატზე რა ვქენით. ისინი ზრუნავენ, რომ ხარისხიანად იასპარეზონ. ასე რომ, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თამაშზე.
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ერთა ლიგა, რომ პირველ რიგში, FIFA-ს რეიტინგში ქულების მოპოვება გავაგრძელოთ, რადგან ამაზეა დამოკიდებული კვალიფიკაციის ჯგუფები. ეს არის პირველი ამოცანა. და ასევე, ერთა ლიგა იმაში უნდა გამოვიყენოთ, რომ უფრო ძლიერები გავხდეთ, რათა კარგად ვითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე“, – ამბობს ვილი სანიოლი CrystalSport-თა ვიდეო ინტერვიუში.
მან აგრეთვე, ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც, სხვა ფორმაციის საქართველოს ნაკრებებს მსგავსი შედეგებისთვის არ მიუღწევიათ.
„საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მოთამაშეების კარგი თაობები. არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ეს თაობა განსაკუთრებულია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს თაობა, შესაძლოა, რაღაც მხრივ, უფრო სწრაფად ითვისებდეს რაღაცებს. ან შეიძლება მათ ის გაიაზრეს, რომ რამის მიღწევა თუ გინდა, მარტო ვერ მიაღწევ. ამისთვის მთლიანი გუნდია საჭირო. მათ 2022 წლის ერთა ლიგიდან მოყოლებული საოცარი გუნდური სულისკვეთება გვაჩვენეს. ადრე, ჩვენ გვყავდა მხოლოდ კვარა. კვარა იყო საუკეთესო მოთამაშე და ბევრი პასუხისმგებლობა ჰქონდა და ჩემი აზრით, ზოგიერთი ფეხბურთელი მის უკან იმალებოდა. თუმცა, რაღაც მომენტში გამოჩნდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მიქაუტაძე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, მამარდაშვილი და სხვები, რომლებსაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეეძლოთ. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამ შედეგს მივაღწიეთ. ამის შემდეგ, გუნდი უფრო დაბალანსებული გახდა. საბოლოოდ, კარგი ნაზავი გამოვიდა. არა როგორც ინდივიდუალური მოთამაშეების, არამედ, როგორც გუნდის“, – ამბობს სანიოლი.
ეროვნული ნაკრების თავკაცი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე რთული მეტოქე ჩეხეთი იყო.
„ვფიქრობ, ყველაზე რთული მატჩი ჩეხეთის წინააღმდეგ გვქონდა. რადგან ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ და ჩვენი ფეხბურთელები ამისთვის ბოლომდე მზა არ იყვნენ. იმის მიუხედავად, რომ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ვფიქრობ ჩვენ გაგვიმართლა, ქულა რომ ავიღეთ, რადგან მათ ბევრი შანსი ჰქონდათ. მახსოვს, მამარდაშვილმა ჩეხეთთან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ასევე ვიტყოდი, რომ ესპანეთთან თამაშიც რთული იყო, ოღონდ სხვა მიზეზების გამო. ბევრი მოთამაშე ძალიან დაღლილი იყო. არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც, რადგან ჩვენ საუკეთესო 16-ეულში მოვხვდით და ამას არავინ ელოდა. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა პირველ სამ მატჩში ყველაფერი გაიღეს და ესპანეთთან შეხვედრაში მენტალური ენერგია დააკლდათ, მაგრამ ეს ნორმალური იყო და ცუდს ვერაფერს ვეტყოდი, რადგან მათ იმდენი რამ მომცეს“, – თქვა ინტერვიუში სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024/25 წლის ერთა ლიგის პირველ შეხვედრას სწორედ ჩეხეთის წინააღმდეგ, 7 სექტემბერს გამართავს, 10 სექტემბერს კი სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება.