გაზაფხული ძალაში შევიდა, დათბა და დიასახლისებიც ნაზამთრალი სახლის საფუძვლიან დალაგებას შეუდგენენ. ხეხავენ, წმენდენ, ძველსა და ახალ ნივთებს ახარისხებენ და მათგან ბევრ რამეს ყრიან კიდეც. თანაც, ბევრს კარგად მოეხსენება, რომ ხალხური მინიშნებების მიხედვით, ძველი, დაზიანებული და უსარგებლო ნივთები სახლში ცუდ აურას ქმნის და მრავალი უსიამოვნების სათავეა, რასაც გაჭირვება და უბედურება მოსდევს. აღნიშნულის შესახებ სტატიას “თბილისელები” ავრცელებს. თუმცა არის საპირისპირო მინიშნებებიც, რომელთა მიხედვითაც, ზოგი ნივთი, რაც არ უნდა ძველი და უსარგებლო ჩანდეს, არ უნდა გადააგდოთ, რადგან ამას შეიძლება სერიოზული უსიამოვნებები მოჰყვეს. მაგალითად, დავიწყებ კერამიკული ნაწარმით…
– ვიცი, რომ გაბზარული თეფში უნდა გადავაგდოთ, რადგან უბედურებას მოიტანს?
– ცოტა სხვანაირად ავხსნი. მართალია, კერამიკული ნაწარმი ძირითადად, ჭურჭელია, როგორიცაა: ვაზები, თეფშები, ჭიქები, ქოთნები… მაგრამ ეს ყველაფერი უმრავლესი ხალხის კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანი ნივთებია, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ყოველდღიური ყოფა ოჯახში, მით უმეტეს, ჩვენს თანამედროვეობაში. კერამიკულ ნაწარმს ოჯახში ფართო გამოყენება აქვს: როგორც ინტერიერის დეკორაციისთვის, ასევე ფუნქციური დანიშნულებით – სამზარეულოში, წყლის შესანახად… აღსანიშნავია, რომ კერამიკული ჭურჭელი განსაკუთრებული ენერგიით არის დაჯილდოებული. ამიტომ, თუ გადააგდებთ, შეიძლება იღბლის წყალობა დაკარგოთ და შესაბამისად, კეთილდღეობასაც გამოემშვიდობოთ. ამიტომ უმჯობესია, რაც არ უნდა ძველმოდურად მიგაჩნდეთ თიხის ქოთანი თუ ძვირფასი ფაიფურის ჭურჭელი 24-პერსონიანი ნაკრებიდანაც კი, ან უბრალოდ, აღარ გინდათ, ყოველდღიურად ერთი და იმავე თეფშიდან მიირთვათ, ანდა ძალიან მოგბეზრდათ რომელიმე ანტიკვარული დეკორაცია, არც ერთი მათგანი არ გადააგდოთ. მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გატყდა, რაც შეიძლება მალე უნდა შეცვალოთ.