სოციალურ ქსელში გავრცელდა ქალის მონათხრობი, სადაც ის გაგუას კლინიკაში დაცვის თანამშრომლისგან სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება. მომხდარზე კლინიკა ინფორმირებულია, დაცვის თანამშრომელი კლინიკაში აღარ მუშაობს. თუმცა შსს ამ დრომდე არ ადასტურებს, მიმდინარეობს თუ არა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება.
„13 აგვისტოს ღამით შვილი მივიყვანე გაგუაში. ვიჯექი სკამზე დარბაზში, რა დროსაც მოვიდა დაცვა და მითხრა რომ აქ ცოდო ვიყავი და მოსასვენებელ ოთახში გავყოლოდი. ამიყვანა მეორე სართულზე საორდინატოროში, სადაც რამდენიმე საწოლი იდგა. მოვთავსდი ამ საწოლზე, დაცვა გავიდა. რამდენიმე წუთში ისევ შემოვიდა, გადაკეტა კარები, ჩამომიჯდა საწოლთან, ხელით შეეცადა მომფერებოდა და მითხრა, სასტუმროში ხომ არ წავსულიყავითო.
შეშინებული წამოვვარდი საწოლიდან. ჩანთებს ხელი დავავლე და კარს მივვარდი. გასაღებით გავაღე და გამოვვარდი გარეთ. შეშინებული და აცახცახებული დავჯექი ქვემოთ შემოსასვლელში. ვინაიდან ჩემი შვილი აჰყავდათ ბლოკში და მეც იქ უნდა ავსულიყავი. სამშობიარო ჩანთა უნდა ჩამებარებინა დაცვისთვის, სხვა გზა არ მქონდა, მოვძებნე ეს დაცვა. ჩანთის დატოვების თაობაზე უნდა მეცნობებინა. რომ მოვიდა, ვკითხე, როგორ ან რატომ იკადრა მსგავსი რამ. ძალიან უწმაწური და შეურაცხმყოფელი პასუხი მივიღე, თან მეპატიჟებოდა გარეთ.
მე გაშლილი ხელით ორჯერ გავარტყი სახეში და გამოვიძახე პატრული. მოვიდა ორი ეკიპაჟი და დაიწყეს რეაგირება. დაცვა იყო ნასვამი, არავითარი რეაგირება გაგუას კლინიკიდან, ან ბოდიში, ან რა მოხდა. შეურაცხყოფილი და დაუცველი ვიყავი ასეთ სანაქებო კლინიკაში“ — წერს ქალი.
ნეტგაზეთს გაგუას კლინიკაში განუცხადეს, რომ დაცვის თანამშრომელი, რომელიც ახალი მიღებული ჰყავდათ, იმავე დილით დაუყოვნებლივ გაუშვეს სამსახურიდან, გამოძიებასთან თანამშრომლობენ და არ დაიხევენ უკან, თუ დაზარალებულ ქალს მათთან რამე მოთხოვნა ექნება.
„ჩვენ მეტი არაფრის უფლება არ გვაქვს. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართალდამცველები საჭიროებისამებრ იმოქმედებენ და ჩვენც ვთანამშრომლობთ მათთან. იმედი გვაქვს, რომ როგორც საჭიროა, ისეთი რეაგირება მოჰყვება და ისეთი პასუხი გაეცემა. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც ჩვენთვის ძალიან მიუღებელია. პირველი შემთხვევაა ეს და ძალიან დავიბენით. რა თქმა უნდა, გვაქვს შინაგანაწესი, რომელსაც ყველა თანამშრომელი ეცნობა და ხელს აწერს, მაგრამ ეს მაინც მოხდა. ქალბატონთანაც, ვისაც ეს შეემთხვა, რა თქმა უნდა გვქონდა კომუნიკაცია. ახლაც გვქონდა კონტაქტი, რაც მან ეს ამბავი გაასაჯაროვა. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, თუ რამე არის საჭირო ჩვენგან კიდევ, მზად ვართ. მაგრამ უნდა გვითხრას, რა სჭირდება“, — უთხრეს ნეტგაზეთს კლინიკაში.
ნეტგაზეთმა მომხდართან დაკავშირებით კითხვებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. გვაინტერესებდა, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება და რა ეტაპზეა ის. სამინისტროდან პასუხი კითხვებზე არ მიგვიღია.