სისხლიანი ანგარიშსწორება კახეთში – როგორც “პირველებს“ ადგილობრივები უყვებიან, 38 წლის კაცმა ჯერ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლე “გეკოს“ ტიპის იარაღით მოკლა, ამავე იარაღით მოკლა სტუმრად მყოფი თანაკლასელი, ხოლო შემდეგ გაიქცა გვერდით სოფელ ზეგაანში და ასევე საკუთარ კლასელს, რომელიც ღვინის ქარხანაში დაცვის თანამშრომელი იყო, გაუსწორდა.
ზვიად ზურაბაშვილი ამის შემდეგ ტერიტორია საკუთარი ავტომანქანით დატოვა და სავარაუდოდ, ზეგაანის ტყის ტერიტორიიდან შეძლო მიმალვა.
სამართალდამცველები ამ დრომდე ძებნის ოპერაციას ახორციელებენ.
ადგილობრივები სასტიკი დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ. ირკვევა, რომ ბრალდებული კაცი წარსულში ცოლზე ძალადობის გამო იყო ნასამართლევი, თუმცა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა.
სიჩუმე იყო, მეუღლემ გახედა, იქნებ რამე უნდაო, მივიდა ნახა და კაცი მკვდარი იყო. მერე გავიგე ზეგანში კაცი მოკლესო და ვიფიქრე, ნეტა ფიქრია სადაა, ხომ არაფერი მოხდა-მეთქი, ვეძახე, და რომ არ გაგვაგონა, დავიწყე ძებნა. გავიხედე სამზარეულოში და ეგდო მკვდარი, სისხლში ცურავდა. არც ჩხუბი გაგვიგია, არც ზედმეტი არაფერი. ეჭვიანია, ადრეც მოუხდათ ეჭვიანობის ნიადაგზე. ახლა გამოვიდა ციხიდან, ნეტა არ გამოსულიყო“,- უყვება “პირველებს“ თვითმხილველი.
“პირველების“ ინფორმაციით, ნაპოვნია ზვიად ზურაბაშვილის კუთვნილი ავტომობილი, რომლითაც მან საზარელი სამმაგი მკვლელობის შემდეგ გაქცევა მოახერხა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მე-11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.