გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა – შემთხვევა კლინიკა “გორმედში” მოხდა. დაღუპულია 30 წლის მაგდა ბალიაშვილი.
სიკვდილის მიზეზებს გამოძიება ადგენს, მოკვლევას აწარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც. დაღუპულის ოჯახს პრეტენზიები მედიკოსების მიმართ აქვთ და მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ.
მომხდარზე განცხადებას ავრცელებს ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრის პრესსამსახური, სადაც ნათქვამია, რომ პაციენტი სამშობიარო ცენტრში დაწყებული მშობიარობით შეიყვანეს და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება.
კლინიკა აღნიშნავს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც. მათივე ცნობით, ნაყოფი გადარჩა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გორმედში ამბობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელსაც გაასაჯაროებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.
,,გორმედში” მშობიარე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ. პაციენტი გორმედის სამშობიარო ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით.
მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც.
საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩენილია ნაყოფი; ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. (ბავშვი გადაყვანილ იქნა შესაბამის კლინიკაში.)
ვინაიდან საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი, აუცილებელი ოპერაცია, რომლის დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე განხორციელდა პაციენტისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხის შემოწმება და არანაირი ხარვეზი არ გამოვლინდა.
ამ ეტაპზე კლინიკა ელოდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გაასაჯაროებს და ექნება შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
გორმედის სამედიცინო ცენტრის ვარაუდით პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.
,,გორმედის” სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
სამწუხაროდ, კლინიკას დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვას. ” ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.