მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში, 60 წლამდე კაცი მეზობელმა სანადირო თოფით მოკლა.ადგილობრივის ცნობით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
60 წლის ჯამბულ კიტარია, ყელის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით გარდაიცვალა.
ირკვევა, რომ 60 წლის კაცი გამთენიისას საკუთარ ეზოში იჯდა. მოულოდნელად მასთან, სანადირო თოფით შეიარაღებული მეზობელი მივიდა და კინტარიას დამიზნებით ესროლა. გასროლის დროს, სახლში მოკლულის მეუღლე და შვილიც იმყოფებოდა.
სოფელში, სადაც მკვლელობა მოხდა, დანაშაულის კონკრეტულ მოტივზე ღიად საუბრობენ. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მალხაზ კვიტატიანმა, ჯამბულ კინტარიას, გუშინ თხილის მოგროვებაში დახმარება სთხოვა. კინტარიამ მოუცლელობის გამო, მას უარი უთხრა. ამის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი განაწყენდა და შურისძიება გადაწყვიტა. სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და მეზობელი ერთი გასროლით მოკლა. აბედათში ამბობენ, რომ დაკავებულ კვიტატიანს ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.