19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია, წირვის შემდგომ ყველანაირი ხილის კურთხევის, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იმ სიწმინდეს იბრუნებს, რომლითაც ედემის ბაღში იყო მოსილი.
რა იყო ფერისცვალების არსი და მიზანი. რისთვის აღსრულდა ის?
ფერისცვალებით მაცხოვარმა მოციქულებს აჩვენა, რომ ის ჭეშმარიტი მხსნელი იყო, ის, ვისაც ამდენ ხანს ელოდა კაცობრიობა, ელოდნენ იუდეველები.
მოსე და ელია წინასწარმეტყველთაგან უპირატესნი არიან, მაგრამ ფერისცვალების ხატებზე თავდახრილნი დგანან, ნიშნად იმისა, რომ თვით მოსეც კი, რომელსაც იუდეველები ესოდენ დიდ პატივს მიაგებდნენ, არაფერი იყო ქრისტეს წინაშე.
ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირდება.
მაცხოვარმა სამი მოწაფე, პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე წაიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა. ფერისცვალებისას იესოსგან ისეთი ნათელი გამოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. მოციქულებმა დაინახეს, რომ უფალს მარჯვნივ და მარცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ,ზეციდან კი მამის ხმა მოისმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ; მაგისი ისმინეთ!“ – ამის შემდეგ მაცხოვარმა კვლავ ადრინდელი სახე მიიღო და მოციქულებს უბრძანა, მომხდარის შესახებ მის აღდგომამდე არავისთვის ეთქვათ.
იესომ ფერისცვალება იმისთვის ინება, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა – ჩვენი ცხონება სულიერ ფერისცვალებასა და გაბრწყინებაში მდგომარეობს.