ხალხში გავრცელებულ ზოგიერთ ცრურწმენაზე დამყარებული მოსაზრებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ, რისიც არ უნდა სწამდეს ქრისტიანს, karibche.ambebi.ge-ს ესაუბრა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, მამა იოანე ყურაშვილი.
– თითქმის ყველა ადამიანს სწამს ბედისა და ბედისწერის არსებობისა. მართლაც არსებობს თუ არა ბედისწერა?
– ეკლესიური მოძღვრებით, ბედისწერა არ არსებობს, ამიტომ მართლმორწმუნე ქრისტიანს არ უნდა სწამდეს მისი არსებობისა. ბედი და ბედისწერა რომ არსებობდეს, უფლისაგან არც მცნებები მოგვეცემოდა აღსასრულებლად, ადამიანი კი დაემსგავსებოდა რობოტს, რომელიც მართული იქნებოდა სამყაროს მიერ. ადამიანს უფლისაგან მინიჭებული აქვს თავისუფალი ნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია ღვთის ნებას დაჰყვეს ან პირიქით, არ მიიღოს იგი და ეშმაკის ნება-სურვილის მიხედვით იმოქმედოს. თუკი უფლის ნების შესაბამისად მოიქცევა, მისგან მადლი და შეწევნა მიეცემა და მისი ცხოვრება ღვთისაგან იქნება კურთხეული. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ცხოვრებისეული განსაცდელები – სიდუხჭირე, საქმეში წარუმატებლობა, სნეულება თუ სხვა, რომელთაც ხშირად უბედობით ხსნიან, უფლისგანაა მოვლენილი ჩვენივე სულის საკურნებლად და ცხონებისთვის.
– ვირწმუნოთ თუ არა ავი თვალის არსებობისა?
– ეკლესია არ უარყოფს, რომ შესაძლებელია ერთმა ადამიანმა მეორეზე გავლენა მოახდინოს, რადგან ადამიანი გარკვეული მუხტის მატარებელია – კეთილი, ღვთივსათნო ცხოვრებით მცხოვრებისგან დადებითი მუხტი მოედინება და კეთილად მოქმედებს მეორეზე, ბოროტისგან გამომდინარე უარყოფითი ენერგია კი ავ გავლენას ახდენს, რადგან ღვთისმოძულე ბოროტ, უკეთურ ძალას უკავშირდება და ასეთი ადამიანის ზრახვებიც და გამოხედვაც ხშირად სიავისკენ არის მიმართული. ავ მზერას და გავლენას უნდა დავუპირისპიროთ პირჯვრის გამოსახვა, რომლის ძალითაც ყოველგვარი უკეთურება განქარდება.
– ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს გიშერს ავი თვალისაგან დაცვის უნარი შესწევს.
– მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ გიშერს ავი თვალისაგან დაცვის უნარი არ გააჩნია. ზოგჯერ ავი თვალისგან დასაცავად უპირატესობას გიშრის ჯვარს ანიჭებენ, მაგრამ მასაც ისეთივე ძალა და მადლი შესწევს, როგორიც ნებისმიერი სხვა მასალისას.
ავი, ბოროტი გავლენისაგან თავდაცვის მიზნით გიშრის თვალს ახალშობილსაც უკეთებენ. ცხადია, ესეც არაქრისტიანული ჩვეულებაა. ბავშვი, უკეთური ზეგავლენისაგან დასაცავად, უპირველესად, უნდა მოვნათლოთ, ვატარებინოთ ნაკურთხი ჯვარი – ახალშობილს ჯვარი შეიძლება დავუკიდოთ საწოლის თავთან, ვაზიაროთ, ვასხუროთ და მივაღებინოთ ნაკურთხი წყალი და სხვა სიწმინდეები.
ბევრს სწამს, გათვალვის შემთხვევაში გიშრის ჯვარი იბზარება. ესეც ცრუმორწმუნეობაა. გიშრის ჯვრის გაბზარვის მიზეზი შეიძლება იყოს თვით ქვის ხარისხი. ზოგჯერ სხვა მასალისაგან დამზადებული ჯვარიც იბზარება.
– ავი თვალისაგან თავდასაცავად სახლის ან სათავსის კარზე ნალს ამაგრებენ – წარმატების საწინდრად. აქვს თუ არა ნალს რაიმე საერთო ქრისტიანობასთან?
– მას არავითარი ძალა არ შესწევს, ამიტომ ვერც ავი თვალისაგან დაგვიცავს და ვერც წარმატებას მოგვიტანს. ერთადერთი ნიშანი, რაც ქრისტიანმა სახლისა და სათავსის კარზე უნდა გაუკეთოს, ეს არის ჯვარი – ბოროტის ძლევის ჭეშმარიტი იარაღი, დამცველი ყოველივე უბედურებისაგან. ასევე აუცილებელია ყოველწლიურად სახლის კურთხევა. ამ გზით წარმატებასაც მივაღწევთ და ავი და უკეთური გავლენისგანაც ვიქნებით დაცულნი.
– რატომ არის 13 თარს რიცხვად მიჩნეული?
– წარმართული ლეგენდით, ღმერთების შეკრებაზე მეცამეტე სტუმარმა ცის ბინადრებში განხეთქილება შეიტანა. “ახალი აღთქმის” მიხედვითაც, საიდუმლო სერობაზე ცამეტნი იყვნენ შეკრებილნი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 13 თარს და უბედურების მომტან რიცხვად მივიჩნიოთ. ეს მხოლოდ ცრუმორწმუნეობაა.
– მართლა ითვლება თუ არა 666 სატანურ რიცხვად?
– ამ განცხადებას საფუძვლად უდევს ის, რომ “აპოკალიფსში” რიცხვი 666 დაკავშირებულია ანტიქრისტესთან. ამ რიცხვის მიმართ მართლაც ფრთხილი დამოკიდებულება უნდა ვიქონიოთ. დავუშვათ, თუკი ბავშვის სათამაშოზე ან სხვა რაიმე ნივთზე შემთხვევით აღმოვაჩენთ, უნდა ვერიდოთ. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც 666-ის მიღმა არავითარი დემონური არ იმალება – წიგნის 666-ე გვერდი ან სახლის ნომერი არ მიანიშნებს, რომ მასში რაიმე სატანურია.
– შეიძლება თუ არა მართლმორწმუნე ქრისტიანმა თავი შემლოცველ ერისკაცთ ანდოს?
– მართლმორწმუნე ქრისტიანმა არ უნდა ირწმუნოს იმ შემლოცველების, რომლებიც ეკლესიასთან შეუთანხმებლად, თვითნებურად მოქმედებენ, რადგან მათ მიერ წარმოთქმულ ლოცვებში, რომლებიც ხშირად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და მთავარანგელოზთა სახელის მოხმობით მთავრდება, გვხვდება წარმართული გადმონაშთები. ამიტომ მათი წაკითხვა ადამიანს ვერც სნეულებისაგან იხსნის და ვერც სხვა განსაცდელისაგან. ღვთის მადლი და შეწევნა მხოლოდ მართლმადიდებლური ლოცვების წარმოთქმისას გვეძლევა; თუმცა ძველად, როდესაც არ არსებობდა სამედიცინო დაწესებულებები, იყვნენ ერში ადამიანები, რომლებსაც, თავიანთი სულიერი სიწმინდით, უფლის წინაშე გარკვეული კადნიერება ჰქოდათ და შეეძლოთ ლოცვა აღევლინათ ამა თუ იმ საჭიროებისთვის, მათი საქმიანობა ეკლესიისთვისაც იყო ცნობილი და კურთხევა ჰქონდათ, ლოცვით შესწეოდნენ სნეულებასა თუ სხვა განსაცდელში მყოფთ.
დღესაც არიან უფლისაგან კურნების განსაკუთრებული ძალით დაჯილდოებული ღვთისმსახურნი და მძიმე განსაცდელების ჟამს შეგვიძლია მათ მივმართოთ.
– რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ზოდიაქოს ნიშნების რწმენის მიმართ?
– რწმენა იმისა, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი ისეთივე ხასიათისაა და მისი ცხოვრებაც ისევე წარიმართება, როგორც ჰოროსკოპებში წერია, ეკლესიისთვის მიუღებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლმორწმუნე ქრისტიანმა არ უნდა ირწმუნოს ჰოროსკოპებისა. ასევე დაუშვებელია ზოდიაქოს ნიშნების თილისმად ტარება. ქრისტიანს ეკრძალება სხვა სახის – ლითონისა თუ ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული თილისმების ტარებაც, რადგან ეკლესია თილისმების რწმენას უარყოფს. როგორც აღვნიშნეთ, ბოროტისაგან ადამიანს მხოლოდ ღვთის მადლი იცავს და იფარავს, რომელიც ღვთივსათნო ცხოვრებისა და ეკლესიური წესით ნაკურთხი საეკლესიო ნივთების ტარების სანაცვლოდ ეძლევა.
– ძველად ზოდიაქოს ნიშნებს ხომ ასტრონომიული დაკვირვებისა და გამოთვლებისთვის იყენებდნენ, ისინი ძველ ვარსკვლავურ რუკებზეც გვხვდება…
– ასეთ შემთხვევაში ზოდიაქოს ნიშნებს კალენდრის ფუნქცია აქვს. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესია ზოდიაქოს ნიშნებს, ხილული ზეცის თანავარსკვლავედებად (ზოდიაქოებად) დაყოფას კი არ ებრძვის, არამედ ციური მნათობების მეშვეობით ადამიანის ბედზე მკითხაობას, ვარსკვლავთმისნობას.
– შევჩერდეთ თუ არა, როდესაც გზაზე კატა გადაგვირბენს? ეს ხომ ხალხის მიერ ცუდ ნიშნადაა მიჩნეული.
– კატის წინ გადარბენას არავითარი უბედურების მოტანა არ შეუძლია. ისიც ისევე მიდის თავისი გზით, როგორც ჩვენ. ესეც ისეთივე ცრურწმენაა, როგორიც ჩვენში მტკიცედ დამკვიდრებული მრავალი მოსაზრება: ორშაბათსა და ოთხშაბათს თავის დაბანის და ფრჩხილების დაჭრის აკრძალვა; სხეულის რომელიმე ნაწილის თამაშის ცუდის ან კარგის მიმანიშნებლად ჩათვლა. ასევე არ უნდა მოვერიდოთ ღამით ნაგვის გადაყრას, ერთ წლამდე ბავშვის სარკეში ჩახედებას და მისი სარეცხის ღამით გარეთ დატოვებას, გაბზარულ სარკეში ჩახედვას, მაგიდის კუთხეში დაჯდომას, მგზავრობის წინ ფულის გასესხებას, ერთი და ორმოცი წლის თავზე დაბადების დღის აღნიშვნას…
– ბევრი უფრთხის მაისში ქორწინებას – გავრცელებული რწმენით, ამას უსიამოვნებები მოჰყვება. აქვს თუ არა ამ მოსაზრებას რაიმე ქრისტიანული საფუძველი?
– საეკლესიო კანონმდებლობით, მაისში ქორწინება არ იკრძალება. მაისში დაქორწინება ეკლესიისთვის მიუღებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიის მიერ საერთოდ არ აღესრულება ქორწინების საიდუმლო – სააღდგომო მარხვისა თუ მარხვის შემდგომი ერთკვირიანი მსგეფსის გამო.
– შეიძლება თუ არა ბავშვს დავარქვათ სახელი გარდაცვლილი ახლობლის პატივსაცემად?
– ქრისტიანული წესის თანახმად, სასურველია, ბავშვს დავარქვათ რომელიმე წმინდანის სახელი, რომელიც შესაძლოა ჩვენი გარდაცვლილი ახლობლის სახელსაც ემთხვეოდეს, თუმცა არც სხვა სახელის დარქმევა გვეკრძალება – არ უნდა ვირწმუნოთ, რომ თუნდაც იმ გარდაცვლილის სახელი, რომელმაც სიცოცხლე უსიამოვნოდ დაასრულა, ბავშვის ცხოვრებაზეც უარყოფითად იმოქმედებს.
– მისაღებია თუ არა დაფიცება?
– ეკლესიური მოძღვრებით, ქრისტიანი იმდენად მართალი პიროვნება უნდა იყოს, რომ თავისი სიტყვის სამართლიანობის დასამტკიცებლად ფიცი არ უნდა დასჭირდეს: “არამედ იყოს თქვენი სიტყვა ჰო – ჰო, არა – არა”, – მოგვიწოდებს უფალი მათეს სახარებით, მაგრამ თუკი აუცილებლობა მოითხოვს, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება დავიფიცოთ. საერთოდ კი ყველანაირად უნდა მოვერიდოთ ამას.
– მართლაც აკრძალულია თუ არა ბანაობა კვირაობით და საეკლესიო დღესასწაულის დღეებში?
– ეკლესიაში არ არსებობს აკრძალვა ბანაობასთან დაკავშირებით. თუმცა ბევრ ადამიანს მართლაც მტკიცედ სწამს ამ მოსაზრებისა, რაც შესაძლოა ძველი ქრისტიანული საუკუნეებიდან მომდინარეობდეს. ძველი ქრისტიანები არასოდეს ბანაობდნენ ამ დღეებში არა იმიტომ, რომ რელიგიურად იყო აკრძალული, არამედ კვირა დღეს და საეკლესიო დღესასწაულებზე ტაძარში მიდიოდნენ და წირვას ესწრებოდნენ, დროის დანარჩენ ნაწილს კი ლოცვასა და სხვა სულისთვის სასარგებლო, ღვთივსათნო საქმეებს ახმარდნენ, ამიტომ დრო არ რჩებოდათ საოჯახო თუ სამეურნეო საქმეების საკეთებლად.
– გამოდის, რომ არც ხალხში გავრცელებული მოსაზრებაა მართებული კვირას და საეკლესიო დღესასწაულის დღეებში საოჯახო და სამეურნეო საქმიანობის აკრძალვის შესახებ.
– ამ დღეებში ადამიანი მართლაც უნდა ერიდოს ყველა სახის საქმის გაკეთებას, რადგან ეს დრო უფალს ეკუთვნის და მას უნდა მივუძღვნათ კიდეც, რაც სულიერებაზე მომეტებული ზრუნვით, ღვთივსათნო საქმეების შესრულებით უნდა გამოიხატოს – წირვის დასრულების შემდეგ, სასურველია, მოვინახულოთ სნეულებასა და სხვა განსაცდელში მყოფი ახლობლები, შინ კი ვილოცოთ, ვიკითხოთ ფსალმუნები, სახარება და სხვა სასულიერო ლიტერატურა. თუმცა აუცილებელი, გადაუდებელი საოჯახო საქმეების გაკეთება არც ამ დღეებში გვეკრძალება.
– არსებობს მოსაზრება, რომ დედა არ უნდა დაესწროს შვილის ნათლობას. ეს მართლაც ასეა თუ არა?
– დედას შვილის ნათლობაზე დასწრების უფლება არა აქვს მხოლოდ მშობიარობიდან ორმოცი დღის განმავლობაში, რადგან ამ პერიოდში ახალნამშობიარევი ქალი ხორციელად გაუწმინდურებულია, ეკრძალება ტაძარში შესვლა და სიწმინდეებთან მიახლება. საღმრთო სჯულისა და “ბუნებითი განწმენდის კანონის” მიხედვით, მეორმოცე დღეს ახალნამშობიარევ ქალს ტაძრის კარიბჭესთან ეკითხება განწმენდის ლოცვა, რომლის შემდგომაც შეუძლია შევიდეს ტაძარში და დაესწროს ნებისმიერ ღვთისმსახურებას, მათ შორის შვილის ნათლობის საიდუმლოსაც, რა თქმა უნდა, თუკი ჩვილს დაბადებიდან მეორმოცე დღეს ნათლავენ. ძველი ქრისტიანები ბავშვს ძირითადად დაბადებიდან მერვე დღეს ნათლავდნენ და, თავისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დედა შვილის ნათლობას ვერ ესწრებოდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს დაედო საფუძვლად ამ მოსაზრებას.
– მისაღებია თუ არა დღემდე შემორჩენილი ტრადიცია – ჯანმრთელობის შესავედრებლად მამლის შეწირვა?
– ტაძარს შეიძლება შევწიროთ ყველაფერი, რაც გამოყენებადია, მათ შორის მამალიც, თუმცა ეს უფრო ხალხური ჩვეულებაა, რომელიც შესაძლოა წარმოიშვა საქონლისა და ჭირნახულის ეკლესიაში მიტანის წესიდან – ალუანის კრებაზე, რომელიც V საუკუნეში ჩატარდა, მიღებული იქნა დადგენილება ეკლესიაში მონაგრის მეათედის მიტანის თაობაზე. ასე რომ, მამლისა თუ სხვა ცხოველის შეწირვით არ გადავდივართ უფლის ნებას. თუმცა მხოლოდ ამაზე არ შეიძლება დავამყაროთ მთელი სასოება, ამავდროულად, საჭირო და აუცილებელია სნეულებაში მყოფი ადამიანისათვის ეკლესიის მიერ დადგენილი წესების აღსრულება – ჯანმრთელობის პარაკლისის შეკვეთა, საკურთხეველში ორმოცდღიანი ჯანმრთელობის მოსახსენიებლის შეგზავნა, გაძლიერებული ლოცვა და სხვა.
– ამბობენ, ადამიანს, რომელსაც ბატონები შეეყრება, აუცილებლად ყველა სურვილი უნდა შევუსრულოთო. ამ დროს ოჯახში არ კლავენ საკლავს, იციან სახლის მორთვა თუ სხვა სახასიათო წეს-ჩვეულებების შესრულება. აქვს თუ არა ამას რაიმე საერთო ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან?
– ეს არის ერთ-ერთი სახის ინფექციური დაავადება, რომელიც ხალხში “ბატონების” სახელითაა ცნობილი. მისი მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჩარევით. სასურველია, მივმართოთ ღვთისმსახურსაც და აღვავლინოთ ჯანმრთელობის პარაკლისი. შეგვიძლია მისთვის სხვა, ეკლესიის მიერ სნეულებაში მყოფთათვის დადგენილი საეკლესიო წესების აღსრულებაც. მათ შესახებ რჩევა-მითითებას ნებისმიერი ღვთისმსახური მოგვცემს. ამდენად, რიტუალური წეს-ჩვეულებები, წითელა ბატონების ცეკვითა და სიმღერით გაცილება და სხვა – წარმართული ხასიათისაა და ეკლესიისთვის მიუღებელია. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სნეულების სადავეები ეშმაკს უპყრია და ყველანაირად ცდილობს, თავის ჭკუაზე ათამაშოს “ბატონებიანი” ბავშვის ახლობლები და ხშირად ახერხებს კიდეც, რადგან ამ რიტუალურ წესებს თითქმის ყველა ოჯახში ასრულებენ. ეს კი პირდაპირი მნიშვნელობით ეშმაკის თაყვანისცემაა.
– მართლა იკრძალება თუ არა სანთლის სულის შებერვით ჩაქრობა?
– თვითონ გამოთქმა “სულის შებერვით ჩაქრობა” უმართებულოა, რადგან სულის შთაბერვის უფლება მხოლოდ შემოქმედს – უფალს აქვს. როგორც ჩანს, სწორედ უფლის მიმართ კრძალულების გამოხატულება უდევს საფუძვლად ხალხში გავრცელებულ გამოთქმას, თუმცა უმჯობესია სიტყვა “სულის” ნაცვლად “ჰაერი” გამოვიყენოთ. რაც შეეხება ამ მოსაზრებას, ის მცდარია. სანთელი შესაძლოა ჰაერის მეშვეობითაც ჩავაქროთ.
– ბევრს სწამს, რომ არ შეიძლება სხვისი ფულით ნაყიდი სანთლის დანთება, ტაძარში კენტი სანთლის დანთება, აუცილებელია სანთლის ბოლომდე ჩაწვა და ა.შ.
– არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვისი ფულით შეძენილ სანთელს დავანთებთ, მთავარია, იგი რწმენითა და უფლის შემწეობის იმედით ავანთოთ, გვქონდეს სასოება, რომ უფალი შეგვეწევა და აგვისრულებს თხოვნას, რასაც ანთებული სანთლის წინაშე შევთხოვთ, თუკი, რა თქმა უნდა, ჩვენი თხოვნა არ ეწინააღმდეგება ღვთის ნებას. ისე, სასურველია, სანთელი საკუთარი პატიოსანი შრომით მოპოვებული ფულით შევიძინოთ, რადგან იგი ერთგვარი შესაწირიც არის – მატერიალურად შევეწევით ტაძარს. შესაწირი კი საკუთარი შრომის სანაცვლოდ მოპოვებული საფასურიდან უნდა იქნეს გაღებული. ასევე არ გვეკრძალება კენტი სანთლის დანთება. არც სანთლის ბოლომდე ჩაწვაა აუცილებელი. ეს ცრუმორწმუნეობაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ცრურწმენებზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას, რაც სულზე დამღუპველად მოქმედებს. მსგავსი სატყუარებით ბოროტ ძალას სურს, ადამიანის ყურადღება არაჭეშმარიტებისკენ მიმართოს და ღვთის მადლს აარიდოს, რომელიც სანთლის დანთებითა თუ სხვა ქრისტიანული ქმედებების აღსრულების სანაცვლოდ გვეძლევა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანის სულის დასაღუპავად ეშმაკის უამრავი მანქანა არსებობს, ერთ-ერთი ჩვენში მრავალფეროვანი სახით დამკვიდრებული ცრურწმენებია.
წყარო – karibche.ambebi.ge
სტატიის ავტორი: შორენა მერკვილაძე