„ლივერპული“ ქართველი მეკარით, გიორგი მამარდაშვილით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური სპორტული გამოცემა Relevo ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, „ლივერპული“ მზადაა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.
თუმცა, ინფორმაციაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „ლივერპულის“ ძირითადი მეკარე ალისონ ბეკერი კლუბში მინიმუმ ერთი სეზონის გატარებას აპირებს, რის გამოც, პრემიერ ლიგის კლუბი მამარდაშვილის შეძენას და იჯარით გაშვებას განიხილავს.
შეგახსენებთ, მამარდაშვილმა EURO2024-ზე ყველაზე მეტი, 30 მოგერიება დააგროვა, რაც ტურნირის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია 2008 წელს, იგორ აკინფეევის მიერ შესრულებული 32 „სეივის“ შემდეგ.
ტურნირის შემდეგ, 23 წლის მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა.