გაიხსნება თუ არა დამატებით საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ – ემიგრანტების მოთხოვნას პრემიერი პასუხობს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბანი ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება.
საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება უბანი“, – განაცხადა კობახიძემ.
ემიგრანტები უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის“.
გამომდინარე იქიდან, რომ არსებული პრაქტიკით სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება, ემიგრანტებს, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.