ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, გარდაცვლილი 19 წლის რევი დემეტრაშვილი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია, რომელიც გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ ლელა ფიცხელაურმა რევი დემეტრაშვილზე ისაუბრა:
„რევი ბრწყინვალე ბიჭი იყო, ბრწყინვალე… დილიდან შეძრულები ვართ და განადგურებულები. რევი ოქროსმედალოსანი იყო, საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლე, ულამაზესი, უჭკვიანესი, იმდენად მოწესრიგებული და ზრდილობიანი იყო, ვერ აღგიწერთ.
ჩვენი სკოლის ბავშვები სკოლის სხვადასხვა ეტაპზე საერთაშორისო გამოცდებს აბარებენ ხოლმე და 𝗣𝗦𝗔𝗧-ის გამოცდაზე რევის აღებული აქვს უმაღლესი ქულა, ასევე, გასულ წელს უმაღლესი შედეგებით ჩააბარა გამოცდები უცხოეთში და 75%-იანი დაფინანსებით მოხვდა მადრიდის IE University-ში. რევიმ ახლახან პირველი კურსი დახურა, არდადეგებზე იყო ჩამოსული და სექტემბერში სწავლის გასაგრძელებლად ესპანეთში დაბრუნდებოდა.
ღმერთო, იმდენად არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, არც გვინდა დავიჯეროთ, დილიდან მთელი სკოლა შეძრულია. რა და როგორ მოხდა, დეტალები არ ვიცით, ამ ტრაგედიის შესახებ ჩვენც ინტერნეტით და ტელევიზიით შევიტყვეთ, ოჯახს ვერც ვუკავშირდებით, სამწუხარო რეალობით გაქვავებულები ვართ. არ ვიცი, რევის მოტოციკლეტი ჰყავდა თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სკოლის პერიოდში ამაზე არაფერი მსმენია, შესაძლოა მისი ჰობი იყო, არ ვიცი….”–ამბობს სკოლის დირექტორის მოადგილე.
ცნობისთვის, 19 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 5:00 საათზე თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. 19 წლის ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.