განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩალიგავას თქმით, საქართველოში მიმდინარე წელს, ცოფის 14 შემთხვევა დადასტურდა. ჩალიგავამ “ინტერპრესნიუსთან” ისაუბრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში დაფიქსირებულ ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებითაც, რომელსაც 45 წლის ქალი ემსხვერპლა.
მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ცოფით დაავადებული ძაღლის არსებობის და შესაბამისად, მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა.
“ცოფის შემთხვევები წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მხოლოდ 14 დადებითად მორეაგირე, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. შარშან ამ დროს 54 შემთხვევა გვქონდა. შარშან ჩატარებული ღონისძიებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ეფექტი გვაქვს. რაჭაში შემთხვევა საერთოდ არ ყოფილა.
ორი ნაწილი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან: შემთხვევები ადამიანებში და ცხოველებში. ცხოველებში არ ფიქსირდება და არ დასტურდება. ის შემთხვევა, რაც დადასტურდა ადამიანებში [ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დადასტურებული შემთხვევა], შეიძლება, უკავშირდება ეპიდემიოლოგიურად სხვა შემთხვევას. ჩვენი მოკვლევის შესაბამისად, მეპატრონეს ცხოველი ჰყავდა წამოყვანილი ქუთაისიდან, ზუსტი ადგილმდებარეობა ვიცით და ვაგრძელებთ მოკვლევას. თებერვალში ჰყავდა ეს ცხოველი მოყვანილი, რომელიც 10 დღის პერიოდში მოუკვდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენთან თებერვალში და არც მის შემდგომ არ შემოსულა. გარდა ამ ერთი ძაღლისა, მეპატრონეს ჰყავდა სხვა ცხოველებიც, რომლებიც აცრილები არიან შარშანაც და წელსაც. ჩვენთვის არც ამ ცხოველის არსებობა იყო ცნობილი და არც სიკვდილი”,- განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.