“მეც საკმაოდ ადრეულ ასაკში დავოჯახდი: 19 წლის ვიყავი, ამიტომ არ მინდა, ჩემმა შვილმა ოჯახი ასე ადრე შექმნას”
– ქალბატონო ნინო, მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე – როგორ სწავლობდით, რომელი საგნები გიყვარდათ და რომელ პროფესიაზე ოცნებობდით?
– ძალიან მშვიდი და მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი და ეს თვისებები დღემდე მომყვება. ჩემთვის პასუხისმგებლობის აღება და მისი შესრულება უმნიშვნელოვანესია. 166-ე საშუალო სკოლა დავამთავრე, რომელიც დიდუბეში, პანთეონის გვერდით იყო. ძალიან კარგი დირექტორი მყავდა – ნანა კვირიკაშვილი, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა. მისგან და
ჩემი მშობლებისგან ბევრი ადამიანური თვისება გამოვიმუშავე, ამიტომ ბავშვობის მოგონებები ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
– თქვენს მშობლებზეც გვიამბეთ: ხომ არ გირჩევდნენ, რომ ქალმა ოჯახი უნდა შექმნას და კარიერა მისთვის მეორეხარისხოვანია?
– მამაჩემი – ბადრი წილოსანი ვაგონმშენებელია. როცა გურიიდან ჩამოვიდა, თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა და ყველა ეტაპი გაიარა – დაწყებული მუშიდან, დამთავრებული დირექტორამდე. ეს მარტო საქართველოში კი არა, მთელ ამიერკავკასიაში ერთადერთი ქარხანაა, რომელიც ვაგონებს ამზადებს და არემონტებს. მამა ძალზე მშრომელი და მოტივირებული ადამიანია, რის გამოც, ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ის საკმაოდ მკაცრი იყო ჩემ მიმართ. 1990-იანი წლები იყო და მაშინ გოგონებს მკაცრად ზრდიდნენ. სკოლა და სახლი – ასეთი იყო ჩემი მარშრუტი. მოკლედ, ლაღი და თავისუფალი ბავშვობა ნამდვილად არ მქონია. მამაჩემი არ მასწავლიდა, რომ წარმატებისთვის უნდა მიმეღწია, ჩემი ძმის მიმართ კი მასა და მთელ ოჯახს სულ სხვა მოთხოვნები და მოლოდინიც ჰქონდათ. მე მასწავლიდნენ, რომ კარგი ოჯახი უნდა შემექმნა და კარგი დედა ვყოფილიყავი. ეს ცოტა არ იყოს, მაბრაზებდა და მეტ მოტივაციას მიჩენდა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ წარმატების მიღწევა მეც შემეძლო.
– ახლანდელი თაობა გაცილებით თავისუფლად აზროვნებს და სულ სხვაგვარად ზრდის თავის შვილებს. ეს მოგწონთ?
დედაც მკაცრი იყო თუ ნაკლებად?
– ტექნიკური განათლება გაქვთ თუ ჰუმანიტარული?
– არჩევნის წინაშე რომ დაგაყენონ, ოჯახს აირჩევდით თუ კარიერას?
– როგორი მზარეული ხართ?
– იყო პერიოდი, როცა მეტი დრო მქონდა და სადილებს ყოველთვის მე ვაკეთებდი. ვეგეტარიანელი ვარ, ამიტომ ჩვენი ოჯახის მენიუ მცენარეულია. მართალია, სამზარეულოში ფუსფუსი ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ჩემი გამომცხვარი ბლინები. რომ გაიზრდებიან, ალბათ ამ რიტუალით გავახსენდები, რადგან ბლინებს ერთობლივად ვაცხობთ ხოლმე. არ დაგიმალავთ: ძიძაც მყოლია და სახლში დამხმარეც მყავს, რაც ჩემს საქმიანობას აადვილებს, მაგრამ მაინც ვცდილობ, ჩემმა შვილებმა დედის ხელით მომზადებული რაღაც კერძი ტკბილად გაიხსენონ.
– ადრეულ ქორწინებაზე რა აზრისა ხართ?
– მეც საკმაოდ ადრეულ ასაკში დავოჯახდი: 19 წლის ვიყავი, ამიტომ არ მინდა, ჩემმა შვილმა ოჯახი ასე ადრე შექმნას. თუმცა, რომ დავფიქრდები, გული არაფერზე მწყდება, რადგან სამი ფანტასტიკური შვილი მყავს: უფროსი – თემუკა აბულაძე სტუდენტია და, როგორც გითხარით, დიდ ბრიტანეთში სწავლობს, მეორე – ნიკოლოზ აბულაძე – ძალიან კარგი კალათბურთელია და ვფიქრობთ, რომ თავის სპორტულ კარიერას ისიც საზღვარგარეთ გააგრძელებს, უმცროსი – მარიამი კი ჯერ 9 წლისაა და ახლავე ძალიან დამოუკიდებელი, ლაღი ბავშვია, შეიძლება მათთან ბევრ დროს ვერ ვატარებ, მაგრამ როცა ვატარებ, ბოლომდე ვარ ჩართული მათ განვითარებაში. ჩემი სურვილია, ყველაფერი საუკეთესო ვასწავლო: სიკეთის კეთება, შრომისმოყვარეობა, სხვებზე ზრუნვა – ყველაფერი, რაც ადამიანობას ნიშნავს.
– უკვე მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ. საქველმოქმედო საქმიანობაში ადრეც აქტიურად ვიყავი ჩართული, განსაკუთრებით, გურიის რეგიონში: ჩემი ოჯახი ყოველთვის ეხმარებოდა იქ მცხოვრებ მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს… გვქონდა ფონდი “წილოსანი”, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნავდა. საინტერესო პროექტები განვახორციელეთ და როცა “ქართული ოცნებიდან” მივიღე წინადადება, დავთანხმდი: მაჟორიტარობა სავსებით ეხამებოდა იმ საქმიანობას, რომელიც გურიასთან მაკავშირებდა. მივხვდი, რომ შემეძლო, პარლამენტიდან უფრო მეტი რამ გამეკეთებინა ჩემი რეგიონისთვის. ამიტომაც დავთანხმდი. ჩემთვის პოლიტიკა ახალი სფერო იყო, მით უმეტეს, არსებობდა აზრი, რომ მაჟორიტარები კაცები უნდა იყვნენ. გურიაში ამის გამო არანაირი შეფერხება არ მქონია, რადგან ეს ძალიან ცივილიზებული კუთხეა. მე ისედაც მიყვარს საჯარო შეხვედრები, სოფლებში ჩასვლა და ხალხთან შეხვედრა, ამიტომ საარჩევნო კამპანია ყველაზე პოზიტიური პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. გურიაში ხელშეუხებელი ბუნებაა, იქ დიდი რესურსია, განსაკუთრებით ტურისტული, რაც ჯერჯერობით არ არის ათვისებული. სწორედ ამიტომ შევეცადე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით მაინც შეგვექმნა სათანადო ბაზისი: მოწესრიგდა გზები, სკოლები, ბევრ სოფელში წყლის პრობლემაც მოგვარდა… ლანჩხუთში ბავშვთა ფეხბურთის აკადემია შევქმენით, რომლის მსგავსი დასავლეთ საქართველოში მხოლოდ რამდენიმეა. მოკლედ, ბოლო წლებში ამ რეგიონში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა.
– როგორ არა?! სულ მეღიმება, როცა ერთი ფაქტი მახსენდება: წინასაარჩევნო პერიოდში ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავით, რომელსაც გულიანი ჰქვია. ვყვები, რომ ამ სოფელში საბავშვო ბაღი გავხსენით. ერთი მოხუცი კაცი თავისთვის, ჩუმად იჯდა, მისმინა, მისმინა და ბოლოს ერთი “ჩამჭრელი” შეკითხვა დამისვა: – აი ბაღი კი გააკეთეთ, მარა ბაღნები რომ არ გვყავს, რა ვქნათო? – სოფელში ბაღი ხომ არის და ბაღნების კეთებაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებით-მეთქი – ვუპასუხე… ამ ამბავზე ყველამ ერთად ვიცინეთ. უამრავი მსგავსი რამ მახსენდება.
– ამბობენ, რომ ქალისთვის პოლიტიკაში თავის დამკვიდრება ურთულესია, თქვენთვისაც ასე იყო?
– ბრძოლა და საქმეში მთელი ენერგიის ჩადება ქალებს სულაც არ გვიჭირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბრძოლა გიწევს იქ, სადაც თამაშის წესებს მამაკაცები ადგენენ, თავის დამკვიდრებაც მათ გარემოში გიწევს. ეს საკმაოდ რთული პროცესია: რაც უნდა თანასწორნი ვიყოთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირი ბიოლოგიური აგებულება გვაქვს ან ემოციურად ერთნაირები ვართ. ამას ანგარიშს არავინ უწევს, როდესაც მამაკაცების “კლუბში” უნდა შეაღწიო და მათი გარემოცვის წევრი გახდე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკაში ბევრი ქალი იყოს და თეთრი ყვავივით არ გამოჩნდე. მე ადრეც მსგავს გარემოში მიხდებოდა მუშაობა: ვაგონშემკეთებელ ქარხანაში მქონია შემთხვევები, როცა მათთან მეტალზე ან ვაგონმშენებლობაზე ვიწყებდი ლაპარაკს, ზოგს ირონიულად ეღიმებოდა და პირდაპირ მანიშნებდა, – ეს შენი საქმე არ არისო. ამგვარ მიდგომას თითქმის ყველა სფეროში ვაწყდებით, მაგრამ პოლიტიკა კიდევ უფრო რთული და აგრესიული სფეროა. სწორედ ამიტომ კვოტირებაზე ბევრი ხუმრობდა: თუ მარგარეტ თეტჩერია, ქალს დახმარება რად უნდა, მიზანს თავად მიაღწევსო… არადა, კვოტირება მართლა საჭირო იყო – ჩვენს მიზანს კვოტირების გარეშე ვერ მივაღწევდით და კარგია, რომ ეს პროგრესული ნაბიჯი სწორედ “ქართულმა ოცნებამ” გადადგა, – ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი შემოსულიყო.