ექიმი გიორგი ღოღობერიძე რეკომენდაციებს გვაძლევს კონდინციორებთან დაკავშირებით:
– კონდიციონერის გამოყენებისას, ის ჩვენი ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა, თუ ტემპერატურა, რომელზეც ჩართული გვაქვს, 22-დან 24 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. გარდა ამისა, ტემპერატურების სხვაობა ოთახსა და გარემოს შორის 5-7 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს, რომ მკვეთრი კონტრასტი არ შეიქმნას. თუ გარედან შედიხართ და სახლში დაბალი ტემპერატურაა, ეს შესაძლოა, თქვენს სხეულზე ცუდად აისახოს. ასევე, პირიქით, თუ დაბალი ტემპერატურის ოთახიდან უცებ ცხელ ეზოში გადიხართ, შესაძლოა, ამანაც დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა. ამიტომ, სხვაობა 5-7 გრადუსი უნდა იყოს.
ასევე, კონდიციონერი აბსოლუტურად გამართული და გაწმენდილი უნდა იყოს. გარდა ამისა, კონდიციონერის ჭავლის ქვეშ არ უნდა დაიძინოთ. ბევრი ადამიანისათვისაა ეს მავნე ჩვევა, ჩართავს, ჰაერის ნაკადს საწოლისკენ მიმართავს და იქვე დაწვება ხოლმე. მეორე დღეს რომ გაიღვიძებს, კუნთები სტკივა.
ჰაერის ნაკადი დღის სხვა მონაკვეთებშიც კი, სახის, გულ-მკერდის, ზურგის არეში მიმართული არ უნდა იყოს. თუ კონდიციონერს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე დააყენებთ და მის ნაკადს სახისკენ მიმართავთ, ამან შესაძლოა, უკვე არსებული წიაღების ანთება, ანუ სინუსიტი გამოიწვიოს. ასევე, შესაძლოა, გამოგიშროთ თვალები. შაკიკი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და როცა კონდიციონერის ჰაერის ნაკადის პირობებში ვართ, ამან შეიძლება მარტივად გაამწვაოს.
თუ ადამიანს ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი აწუხებს, კონდიციონერს შეუძლია, ხველის პროვოცირება და მდგომარეობის გართულება გამოიწვიოს.
გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანს სამწვერა ნერვის ანთება აწუხებს. ანთების გამწვავებაც შეიძლება უკავშირდებოდეს იმ ცივი ჰაერის ნაკადს, რომელიც სახისკენაა მიმართული. ასევე, მას შეუძლია, ფარინგიტი და სხვადასხვა დარღვევა გამოიწვიოს.
რა მოხდება, თუ კონდიციონერს არა სახისკენ, არამედ წელისკენ მიმართავთ? – თუ ჰაერის ცივ ნაკადს უშუალოდ წელის მიმართულებით მიმართავთ, ამან შეიძლება, კუნთების გადაცივება გამოიწვიოს და წელის ტკივილი განგივითარდეთ. ამიტომ, გირჩევთ, რომ უშუალოდ მისი ჰაერის ნაკადის ქვეშ არ მოხვდეთ და ისე ისიამოვნოთ სიგრილით.
ასევე, როცა კონდიციონერი ჩართულია, ოთახი პერიოდულად მაინც უნდა გაანიავოთ, რომ ჰაერში საკმარისი რაოდენობის ოქსიგენაცია იყოს.
კონდიციონერის მოვლა გულისხმობს იმას, რომ წელიწადში მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა გაიწმინდოს. ფილტრებზე, სისტემაში უამრავი ბაქტერია და სოკო გროვდება. რომ ჩართავთ, ჰაერის ნაკადს მოჰყვება ბაქტერიებით, სპორებით, ვირუსებით, პათოგენებით დაბინძურებული ჰაერი და ჩასუნთქვისას სხვადასხვა სახის ინფექცია ვითარდება. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ კონდიციონერი გაწმენდილი იყოს. საქმე პროფესიონალებს უნდა მიანდოთ, რადგან უბრალოდ ფილტრის გამოცვლით პრობლემა ვერ მოგვარდება. თუ მხოლოდ ფილტრი გამოიცვლება და სხვა სისტემა არა, იმ ფილტრზე სხვადასხვა პათოგენი თავიდან მოთავსდება.